ირაკლი კობახიძე - ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით დისკუსიებში მაქსიმალურად ფართო სპექტრი უნდა იყოს ჩართული
ირაკლი კობახიძე - ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით დისკუსიებში მაქსიმალურად ფართო სპექტრი უნდა იყოს ჩართული

ნარკოპოლიტიკა არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტისთვის, სხვადასხვა წევრისთვის, აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ფართო სპექტრი უნდა იყოს ჩართული ამ დისკუსიებში, მათ შორის, ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ პარლამენტის წინ აქციის ორგანიზატორები,-  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნარკოპოლიტიკის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი, მზად არის, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ მხარესთან ნებისმიერ ფორმატში გამართოს დისკუსია.

„ჩვენ მზად ვართ, გავმართოთ დისკუსია ყველასთან, ვინც არის დაინტერესებული ამ საკითხებით. არის არაერთი მხარე, არაერთი სუბიექტი, არაერთი დაინტერესებული მხარე. ყველასთან გვექნება დისკუსია ნებისმიერ ფორმატში, ვიდრე მოხდება კანონპროექტის წარდგენა საკომიტეტო დონეზე, საკომიტეტო მოსმენის ფორმატში გვექნება დისკუსია აბსოლუტურად ყველასთან, ყველას ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი. ეს არის ჩვენი ზოგადი მიდგომა. ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტისთვის, სხვადასხვა წევრისთვის, აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ფართო სპექტრი უნდა იყოს ჩართული ამ დისკუსიებში, მათ შორის, ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ პარლამენტის წინ აქციის ორგანიზატორები. ისინი, ბუნებრივია, იქნებიან ჩართული ამ განხილვაში, მით უმეტეს, რომ პირდაპირი დაპირება იყო გაცემული შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან ამასთან დაკავშირებით. ყველასთან ერთად, ჩვენ უნდა შევიმუშავოთ ისეთი მიდგომა, რომელიც საუკეთესოა ჩვენი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი შეფასებით, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას სრული უფლება ჰქონდა, 13 მაისის ღამეს პარლამენტის წინ შეკრებილებისთვის ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით დაპირება მიეცა.

„ამ დისკუსიაში არის ჩართული ყველა. ჩვენ ვიღებთ კანონს, თუმცა, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, განსაკუთრებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, როცა საქმე ეხება ნარკოპოლიტიკას. იმიტომ, რომ ეს პოლიტიკა, პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროს აღსასრულებელია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ მჭიდრო კონსულტაციების რეჟიმში და ბუნებრივია, ერთად ვმსჯელობთ იმაზე, თუ რა კანონი უნდა მივიღოთ და როგორ უნდა მივიღოთ, რა პროცესის საფუძველზე უნდა მივიღოთ ეს კანონი. აქედან გამომდინარე, შინაგან საქმეთა მინისტრს, ბუნებრივია, ჰქონდა სრული უფლება, ასეთი სახის დაპირება გაეცა აქციის ორგანიზატორებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.