ირაკლი კობახიძე - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ისევეა ახლოს ევროპა და ნატო, როგორც კრიალოსანი ვირთან 
ირაკლი კობახიძე - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ისევეა ახლოს ევროპა და ნატო, როგორც კრიალოსანი ვირთან 

ევროპა, ნატო და დასავლეთი ისევეა თქვენთან ახლოს, როგორც კრიალოსანი ვირთან, – ასეთი კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ რომან გოცირიძის რეპლიკის საპასუხოდ.

რომან გოცირიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში რეალურად 20-ჯერ მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული.

„თქვენს მიერ ნაჩვენები და თქვენს მიერ დახარჯული საარჩევნო თანხები ასტრონომიულად არის აცდენილი ერთმანეთისგან. ამიტომ სავსებით სამართლიანად ჩნდება ეჭვი, რომ შავ ყულაბაში ბიზნესს შეაქვს ფული და ერთ-ერთი ასეთი გზა ფულის აკუმულირების არის სწორედ ის, რაც ტელეკომპანია “იბერიასთან” დაკავშირებულ ჩანაწერებში ისმის. ამიტომ გამოძიებული უნდა იყოს არამხოლოდ მაღალჩინოსნების საკითხი, არამედ გამოძიებული უნდა იყოს „ქართული ოცნების“ საარჩევნო ფონდის განკარგვის საკითხი. გამორიცხულია, რომ ის თანხები, რაც თქვენ დახარჯეთ, მარტო საწვავსაც კი არ ეყოფოდა”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით კი, მუდმივად ვრცელდება ორ-ორი ადამიანის ჩანაწერი, რომელსაც „ქართულ ოცნებასთან” კავშირი არ აქვს, თუმცა ეს იწვევს პარტიის დისკრედიტაციას.

„აქედან გამომდინარე, პირველ რიგში ჩვენ ინტერესებშია, რომ შესწავლილი იყოს ეს საკითხი და ყველაფერს მოეფინოს ნათელი. ვისი სტილიც არის ეს, ვიცით და საეჭვოდ ემთხვევა ეს ყველფერი საარჩევნო პროცესებს. ორ-ორი კაცი გაუგებარია, რატომ და როგორ ახსენებს „ქართულ ოცნებას“, ახდენს დისკრედიტაციას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ფარული ჩანაწერები და კორუფცია „ნაციონალური მოძრაობის“ მოგონილია.

„თქვენი თანხები ნახეთ, რამდენი არის დეკლარირებული 2017 წელს, სასაცილო თანხებია და რამდენი გაქვთ დახარჯული. სათითაოდ გეტყვით, რამდენი აგიტატორი, ზონის უფროსი, უბნის უფროსი გყავდათ და თითოეული მათგანი რამდენ ხელფასს იღებდა რამდენი თვის განმავლობაში. დეკლარირებული გაქვთ 300 ათასი 2017 წელს. ეს არის თქვენი მოგონილი. ფარული ჩანაწერებიც არის თქვენი სტილი. ბიუროში ამის ადგილი არ არის, მაგრამ სამწუხაროდ მიწევს ამის შეხსენება.  აქვე მოგიწოდებთ, რომ სამარცხვინო კამპანია, რომელიც თქვენი მხრიდან წარიმართება ქალბატონი კანდიდატის მიმართ, ამასაც ხაზს გავუსვამ, არც კაცობაა, არც არაფერი არ შეიძლება ამას ეწოდოს. ასე თქვენ ევროპასთან ვერ დაახლოვდებით და არც გაქვთ ამის სურვილი, ეს პირდაპირ ჩანს. ევროპა, ნატო და დასავლეთი ისევეა თქვენთან ახლოს, როგორც კრიალოსანი ვირთან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.