ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილის სიტყვების ინტერპრეტაციით ცდილობს, მას მოღალატეობა დასწამოს, რაც ბინძური პიარის შემადგენელი ნაწილია
ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილის სიტყვების ინტერპრეტაციით ცდილობს, მას მოღალატეობა დასწამოს, რაც ბინძური პიარის შემადგენელი ნაწილია

ჩვენ გვინდოდა ევროპული ტიპის კამპანიის წარმოება, თუმცა ხედავთ, როგორ მუშაობენ ოპონენტები, ეს არის ძალიან ბინძური კამპანია, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილს უწოდებს მოღალატეს, მაშინ როცა სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომლის ძალისხმევითაც საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზები გაიყვანეს.

„ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც ჩვენ ვუჭერთ მხარს, არის ადამიანი, რომლის უშუალო ძალისხმევითაც გაყვანილ იქნა რუსული სამხედრო ბაზები საქართველოდან, ის იყო მთავარი პირი ამ მოლაპარაკებებში. ის არის სამშობლოს პატრიოტი, რომელიც ჩამოვიდა საფრანგეთიდან საქართველოში.

სიტყვების ინტერპრეტაციით ცდილობენ სალომე ზურაბიშვილისთვის რაღაცის დაბრალებას და ეს არის აბსოლუტურად შეთითხნილი. ომი ვინ დაიწყო, პასუხი გავეცით, ომი დაიწყო რუსეთმა, სცენარი იყო რუსული, აგრესია იყო რუსული, თუმცა ეს სცენარი ვერ განხორციელდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთ ღალატს დაამატა მეორე და სალომე ზურაბიშვილის სიტყვების ინტერპრეტაციით ცდილობენ, მას ქვეყნის წინაშე მოღალატეობა დასწამონ. ეს არის სამარცხვინო ბრალდება, ბინძური პიარის შემადგენელი ნაწილი.

თქვენ მოღალატეობას აბრალებთ სალომე ზურაბიშვილს?! საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რა წერია რეზოლუციაში, რომელსაც ხმა მისცა „ნაციონალური მოძრაობის“ შვიდმა წევრმა. ვსაუბრობ ღალატზე, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა, ვაშაძემ, ბაქრაძემ და ამ ადამიანებმა, ეს არის ღალატი. თქვენ უწოდებთ მოღალატეს სალომე ზურაბიშვილს?! ეს იყო ტყუილი, სალომე ზურაბიშვილს არც ერთ სიტყვაში არ უთქვამს, რომ  ომი დაიწყო საქართველომ, თქვენ მას უწოდეთ მოღალატე და ეს არის ბოდიშის მოსახდელი განცხადება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.