ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა ყოველთვის იყო და ეს მიხეილ სააკაშვილს კიდევ ერთხელ წამოცდა
ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა ყოველთვის იყო და ეს მიხეილ სააკაშვილს კიდევ ერთხელ წამოცდა

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა იყო და ეს მათი საქმიანობის შედეგებშიც გამოიხატა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადების საპასუხოდ, იმასთან დაკავშირებით, რომ ძლიერი უკრაინა და ძლიერი საქართველო არავის სჭირდება, კობახიძე მიიჩნევს, რომ ყოფილ პრეზიდენტს სიმართლე წამოცდა და ამით დაადასტურა ის, რაც აქამდეც ცნობილი იყო.

„თითოეული შედეგი, რომელიც იყო დაკავშირებული ამ პოლიტიკური ძალის საქმიანობასთან, იყო თავისი შინაარსით მიმართული იქითკენ, რომ შესუსტებულიყო საქართველოში დასავლური ღირებულებების მნიშვნელობა და ამას ისინი სამწუხაროდ წარმატებით აკეთებდნენ.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა, ყოველთვის იყო ასეთი და ეს უბრალოდ წამოცდა კიდევ ერთხელ მიხეილ სააკაშვილს. ეს იყო წამოცდენა მისი მხრიდან, მან დაადასტურა ის, რაც არის რეალურად „ნაციონალური მოძრაობა“ შინაარსობრივად“,- განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიდასავლურობა გამოაშკარავდა მაშინაც, როდესაც პოლიტიკურმა ძალამ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურა წამოაყენა.

„რეალურად მათი ვექტორი არის არა დასავლეთისკენ, არამედ სხვაგან და სწორედ ამიტომ იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი ეფუძნებოდა იმას, რაც არის ძალიან შორს დასავლური ღირებულებებისგან“, – აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 12 აპრილს ვარშავაში უკრაინულ დიასპორასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ზედმეტად წარმატებული უკრაინა არავის სჭირდება, ისევე, როგორც არავის სჭირდებოდა ზედმეტად წარმატებული საქართველო. მისივე თქმით, ერთი მხრივ, არსებობს პუტინი, რომელსაც უკრაინა არ სჭირდება, ხოლო მეორე მხრივ – დასავლეთი კოლონიალური მიდგომებით.