ირაკლი კობახიძე მზად არის, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებული ინიციატივის განხილვაში ჩაერთოს
ირაკლი კობახიძე მზად არის, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებული ინიციატივის განხილვაში ჩაერთოს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივის განხილვაში ჩართვას არ გამორიცხავს.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხს ჯერ შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტი განიხილავს.

„პირველ რიგში, ამ საკითხის განხილვა არის კომიტეტის საქმე. შესაბამისი კომიტეტი განიხილავს მას და მეც მზად ვარ, ჩავერთო განხილვებში და ჩემი წვლილი შევიტანო ამ მსჯელობაში.

საბოლოო ჯამში, კომიტეტი მიიღებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს და შემდეგ პლენარულ ფორმატში განვიხილავთ. მთავარია, კარგად დამუშავდეს ეს საკითხი და ამის საფუძველზე, მეც მზად ვარ, ჩავერთო ამ დისკუსიაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის გადაწყვეტილებით, კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, სადაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციებზე იმსჯელებენ.  აღნიშნული გადაწყვეტილება კომიტეტში „სისხლის სამართლის კოდექსში“ ემზარ კვიციანის მიერ მომზადებული ცვლილებების განხილვისას მიიღეს.  ცვლილებებით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ საჯარო გამოხატვა, ან ისეთი მასალის გამოქვეყნება,  ან ჩვენება, რომელიც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, დაისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.  გარდა ამისა, კანონპროექტით, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება, ჯარიმით ან ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

დატოვე კომენტარი