ირაკლი კობახიძე - მურადაშვილი და ჯანგირაშვილი კონკრეტულ პარტიულ ინტერესებს გამოხატავენ, ეს „ნაციონალური მოძრაობაა“
ირაკლი კობახიძე - მურადაშვილი და ჯანგირაშვილი კონკრეტულ პარტიულ ინტერესებს გამოხატავენ, ეს „ნაციონალური მოძრაობაა“

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია „კავკასიის“ ხელმძღვანელს, ნინო ჯანგირაშვილსა და „რუსთავი 2“-ის იურისტს, თამთა მურადაშვილს პარტიული ინტერესების გამოხატვაში ადანაშაულებს.

ირაკლი კობახიძე ჯანგირაშვილისა და მურადაშავილის მიერ მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტზე გამართული შეხვედრის დატოვების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ საზოგადოებრივი მაუწყებლის თემა ხელისუფლებაზე პოლიტიკური შტურმის მისატანად სჭირდებათ.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ პოლიტიკური შტურმის მონაწილეები არიან არა მხოლოდ ეს სუბიექტები, ანუ, პარტიული აქტივი, რომელსაც ამ შემთხვევაში ჯანგირაშვილი და მურადაშვილი წარმოადგენენ, არამედ ამ შტურმს სხვა მონაწილეებიც ჰყავს. ეს შტურმი ახსნადია და ახსნა პოლიტიკურია, თუმცა ამ დამოკიდებულებას არანაირი გამართლება არ აქვს. არ შეიძლება, იმ იდეას ეწინააღმდეგებოდე, რომ გინდა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე სოციალური გავლენა მოიპოვო. დღეს ნინო ჯანგირაშვილი რამდენიმე ტყუილში ვამხილე, რაც მისი მხრიდან სხდომის დატოვების რეალური მიზეზი იყო. მას სარეკლამო ბაზართან დაკავშირებით არასწორი მონაცემები მოჰყავდა, რადგან სამი-ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოში სარეკლამო ბაზარი 25 მილიონი ლარით გაიზარდა, ჯანგირაშვილი კი, საპირისპიროს დამტკიცებას მცდარი მონაცემებით ცდილობდა.

ტყუილები ამ პარტიული აქტივის დამახასიათებელი ნიშანია. მურადაშვილი და ჯანგირაშვილი კონკრეტულ პარტიულ ინტერესებს გამოხატავენ, ეს „ნაციონალური მოძრაობაა“. პარტიას არ ვგულისხმობ. ეს ის პოლიტიკური წრეა, რომელიც რევანშზე ფიქრობს. მათი რევანში ვერ შედგება, მაგრამ ისინი თავიანთ პოლიტიკურ ბრძოლას განაგრძობენ. ისინი ერთგული საკუთარი პოლიტიკური პარტიის არიან და მათ საზოგადოებრივი მაუწყებლის თემა ხელისუფლებაზე პოლიტიკური შტურმის მისატანად სჭირდებათ“, – აღნიშნა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ვინაიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი საჯარო მაუწყებელია, მის მიმართ განხორციელებული პოლიტიკური პროცესები დაკავშირებულია ხელისუფლებასთან.

„ეს ადამიანები საზოგადოებრივ მაუწყებელზე შტურმის მიტანით, ხელისუფლებაზე ცდილობენ შტურმის მიტანას. ეს უსუსური მცდელობაა და მუშაობას გავაგრძელებთ იმაზე, რომ საბიუჯეტო თანხები ისე არ გაიფლანგოს, როგორც წლების განმავლობაში, სწორედ იმ ხელისუფლების პირობებში იფლანგებოდა, რომელსაც ჯანგირაშვილი და მურადაშვილი წარმოადგენენ. პოლიტიკურ შტურმში ზოგი ნებსით არის ჩართული, ზოგი – უნებლიედ. მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები არიან, რომელთაც პოლიტიკური ინტერესები აქვთ და კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებთან ასოცირებულები არიან. შესაბამისად, მათაც პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებთ“, – დასძინა კობახიძემ.