ირაკლი კობახიძე - მუქარის საქმეებზე გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად უნდა წარიმართოს 
ირაკლი კობახიძე - მუქარის საქმეებზე გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად უნდა წარიმართოს 

მუქარის საქმეებთან დაკავშირებით გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად უნდა წარიმართოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მუქარის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილისა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანო გამოძიების მიმდინარეობით დაინტერესდება.

„ბუნებრივია, რაც შეიძლება სწრაფად უნდა წარიმართოს გამოძიება მუქარის საქმეებთან დაკავშირებით. ეს არის სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა და ჩვენ დავინტერესდებით, რამდენად სწრაფად წარიმართება გამოძიება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას და მის შვილებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ყოფილი სამხედროები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კი, ასევე გუშინ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ რამდენიმე თვის წინ მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო:  „მეც მემუქრებოდნენ შუბლის გახვრეტით, სნაიპერის ტყვიით, მუქარა და დაუსრულებელი შეტყობინენები ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა“. ნინო ლომჯარია დღის ბოლოს აღნიშნულ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტოს გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.