რუსეთის გაძლიერებული მილიტარიზაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უდიდეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებას, არამედ მშვიდობასა და სტაბილურობას მთელ რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ვენის დიპლომატიურ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება.
„რუსეთის გაძლიერებული მილიტარიზაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უდიდეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებას, არამედ მშვიდობასა და სტაბილურობას მთელ რეგიონში. საქართველოს ტერიტორიების დაყოფა, რომელსაც თან ერთვის რუსეთის არადემოკრატიული მმართველობის დამყარება, საფრთხეში აგდებს ყველა იმ ადამიანის უფლებებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. საქართველოს ხელისუფლება შეშფოთებულია არა მხოლოდ სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების საკითხით, არამედ ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ბავშვებს წართმეული აქვთ უფლება, მიიღონ განათლება მშობლიურ ენაზე, და მოსახლეობას მკაცრად ეზღუდება თავისუფლად გადაადგილება. ამ დრომდე, ჩვენ გვყავს 300 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ხოლო მათი უფლება, დაბრუნდნენ საკუთარ სახლში, მუდმივად და უხეშად ირღვევა რუსეთის უკანონო ოკუპაციით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ნათელმა თუ ფარულმა მხარდაჭერამ გამოიწვია საქართველოს მოქალაქეების ტრაგიკული გარდაცვალება – მათ შორის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება ცხინვალის ციხეში, რაც ასევე დაუსჯელი დარჩა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს მხოლოდ ხელს უწყობს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
„ჩვენ პროცესის ყველა მონაწილე მხარეს მოვუწოდებთ, არ შეუქმნან დაბრკოლებები მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ობიექტურ გამოძიებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, პუტინის რუსეთთან უთანასწორო ბრძოლა გამარჯვებით დააგვირგვინოს.
„გვწამს, რომ რუსული ოკუპაცია და დიქტატი მხოლოდ დროებითია. ისტორია გვიჩვენებს, რომ ქართველებისათვის რუსული ოკუპაცია ყოველთვის დროებითი იყო.
მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, გამარჯვებით დავაგვირგვინოთ ეს უთანასწორო ბრძოლა პუტინის რუსეთთან მშვიდობიანი, თუმცა ურყევი წინააღმდეგობითა და შეუპოვრობით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, აშკარაა, რომ რუსეთი არ ასრულებს იმ პირობას, რომელიც აფხაზ და ოს ხალხს მისცა და ოკუპირებულ რეგიონებში გამოუვალი მდგომარეობის განცდა სულ უფრო იზრდება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიუხედავად რუსეთის ფედერაციის ქმედებებისა, საქართველო პრაგმატული პოლიტიკის სტრატეგიის ერთგული რჩება.
„აშკარაა, რომ რუსეთი არ ასრულებს საკუთარ დაპირებას აფხაზი და ოსი ხალხისადმი: მოსკოვი კვლავაც აკონტროლებს ოკუპირებულ ტერიტორიებს ძალის გამოყენებით, ხოლო მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარება უმნიშვნელოა, ან საერთოდ არ გვარდება.
ამრიგად, ორივე ოკუპირებულ რეგიონში სულ უფრო იზრდება გამოუვალი მდგომარეობის განცდა. მიუხედავად რუსეთის ქმედებებისა ბოლო წლების მანძილზე, საქართველო ერთგული რჩება პრაგმატული ურთიერთობის სტრატეგიისადმი, ცდილობს, თავიდან აიცილოს ის პროვოკაციული სიტუაციები, რომლებიც იქმნება რუსეთის მრავალგზის უკანონო ძალისმიერი აგრესიის შედეგად საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ მოთმინება და სიმტკიცე გვმართებს ჩვენს წინააღმდეგობაში არა მხოლოდ რუსეთის აგრესიის მიმართ, არამედ იმ იდეოლოგიის მიმართ, რასაც მოსკოვი ატარებს: ავტორიტარიზმი, შეუწყნარებლობა, ოკუპაცია, ძალადობა და ქედმაღლობა“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, საქართველომ უნდა გააძლიეროს ეკონომიკური და პოლიტიკური ინსტიტუტები, ასევე უსაფრთხოება, რათა დაარწმუნოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეები, რომ საქართველო ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფოა, სადაც მათ განვითარება და კეთილდღეობის მიღწევა შეეძლებათ.
„საუკუნეების მანძილზე, ჩვენ მშვიდობიანად თანავცხოვრობდით აფხაზებსა და ოსებთან, და გვწამს, რომ ამ მშვიდობიან თანაცხოვრებას დავიბრუნებთ მიუხედავად უხეში და არალეგიტიმური გარე ძალების ჩარევისა. ჩვენ მომხრე ვართ რუსეთთან კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარებისა. საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია მხოლოდ მშვიდობიანად უნდა განხორციელდეს – ეს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებთან დაკავშირებული პოლიტიკის ქვაკუთხედს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ შეკითხვებს უპასუხა. დისკუსიას მოდერირებას ავსტრიის ევროპული და უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის პრეზიდენტი, ვერნერ ფასლაბენდი უწევდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლას საქართველოს დელეგაციის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ექსპერტები, პოლიტოლოგები და სტუდენტები ესწრებოდნენ.