ირაკლი კობახიძე - მთავრობის სხდომას პირველად ესწრებიან მარიამ ქვრივიშვილი და გივი მიქანაძე, წარმატებები მათ, დარწმუნებული ვარ, ეკონომიკაში, ასევე განათლებაში გვექნება სერიოზული წინსვლა
მთავრობის სხდომას პირველად ესწრებიან ჩვენი კოლეგები, ქალბატონი მარიამ ქვრივიშვილი და ბატონი გივი მიქანაძე. მინდა, მათ წარმატებები ვუსურვო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მთავრობას ეკონომიკისა და განათლების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს.
„დღეს პირველად ვატარებთ მთავრობის სხდომას განახლებული სამუშაო მაგიდით, ასევე, განახლებული შემადგენლობით. ჩვენ დიდი ხანი გვქონდა პაუზა, პირველად ესწრებიან მთავრობის სხდომას ჩვენი კოლეგები, ქალბატონი მარიამ ქვრივიშვილი და ბატონი გივი მიქანაძე. მინდა, მათ ვუსურვო წარმატებები. პრინციპში, მათ უკვე აქტიურად დაიწყეს მუშაობა შესაბამისი მიმართულებებით და უკვე გვაქვს სერიოზული წარმატებები. ეს არის ის ორი სფერო, სადაც განსაკუთრებული გეგმები გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ქალბატონი მარიამის და ბატონი გივის ხელმძღვანელობით, როგორც ეკონომიკაში, ასევე განათლებაში გვექნება სერიოზული წინსვლა. გვაქვს ამბიციური გეგმები ორივე სფეროში, მათ შორის განათლების ამბიციური რეფორმა გვაქვს დაგეგმილი. არა მხოლოდ უმაღლესი, არამედ ზოგადი განათლების დონეზე გვჭირდება უამრავი ცვლილება. დარწმუნებული ვარ, ერთად მუშაობით ამ ყველაფერს წარმატებით მივიყვანთ ბოლომდე. რაც შეეხება ეკონომიკას, გვაქვს სწრაფი ეკონომიკური წინსვლა, თუმცა ამ სწრაფი ტემპის დაჩქარებაც არის შესაძლებელი. იმ გეგმებით, რომლებიც უკვე განვიხილეთ ქალბატონ მარიამთან ერთად, დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება შთამბეჭდავი შედეგები. კიდევ ერთხელ მინდა, წარმატებები გისურვოთ სამომავლო საქმიანობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.