ირაკლი კობახიძე - მთავარია, დავადგინოთ, რა არის ჭარბი ფასნამატის მიზეზი, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს კარტელურ გარიგებებს, ამას უსაფუძვლოდ არ ვამბობთ, დანარჩენს შესაბამისი ორგანოები შეისწავლიან
მთავარია, დავადგინოთ, რა არის ჭარბი ფასნამატის მიზეზი, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს კარტელურ გარიგებებს. ამას უსაფუძვლოდ არ ვამბობთ, დანარჩენს შესაბამისი ორგანოები შეისწავლიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, ეჭვი ჩნდება იმის გამო, რომ არის ჭარბი ფასნამატი.
„ჩვენ ვთქვით, რომ დისტრიბუტორებს ან ქსელურ მარკეტებს შორის შეიძლება, არსებობდეს კარტელური გარიგებები, რაც შეიძლება იყოს სისხლის სამართლის დანაშაული. თეორიულად, შეიძლება, არც იყოს, ამიტომ წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. მთავარია, დავადგინოთ, რა არის ჭარბი ფასნამატის მიზეზი. შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს კარტელურ გარიგებებს, ამას უსაფუძვლოდ არ ვამბობთ, დანარჩენს შესაბამისი ორგანოები შეისწავლიან. ეჭვი ჩნდება იმის გამო, რომ არის ჭარბი ფასნამატი. როგორც წესი, ჭარბი ფასნამატი გამოწვეულია ხოლმე ასეთი ტიპის გარიგებებით. ბიზნესთან ჩვენ ამ საკითხზე არ გვისაუბრია. ცოტა ხნის წინ ვთხოვე ეკონომიკის სამინისტროს, მოემზადებინა დეტალური შეფასება. მათ მოამზადეს დეტალური შეფასება და სწორედ ამ შეფასებას ეყრდნობა განაცხადი, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ ფასებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, სუს-ი არის სწორედ სათანადო უწყება, რომელმაც შეიძლება ჩაატაროს ეს გამოძიება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.