ირაკლი კობახიძე – მსოფლიო მთავრობათა სამიტზე გვქონდა საშუალება, არაერთი ქვეყნის ლიდერებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან გვესაუბრა საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე

14:36, 04.02.2026

შეხვედრები, რომლებიც გვქონდა მსოფლიო მთავრობათა სამიტზე, მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო გავაღრმაოთ ჩვენი ქვეყნის კავშირები სხვადასხვა მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, ეს ფორმატი ინვესტორებთან მუშაობის შესაძლებლობასაც იძლევა.

„დუბაის სამიტი იძლევა ძალიან კარგ შესაძლებლობას, ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. განვიხილავთ პოლიტიკურ საკითხებსაც და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ამ ფორმატში ეკონომიკურ თანამშრომლობას. მქონდა გამოსვლა პლენარულ ფორმატში, ასევე მრგვალი მაგიდის ფორმატში. ყველგან მქონდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა, როგორია ეკონომიკური ტენდენციები, რა ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ გარშემო შექმნილი. რა თქმა უნდა, ასეთ თემებზე გვქონდა საუბარი ორმხრივ ფორმატშიც. აქაც გვქონდა საშუალება, რომ არაერთი ქვეყნის ლიდერებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან გვესაუბრა საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. მთლიანობაში, არის ძალიან საინტერესო ფორმატი და ვფიქრობთ, ის შეხვედრები, რომლებიც გვქონდა ამ სამიტზე, მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო გავაღრმაოთ ჩვენი ქვეყნის კავშირები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ინვესტორებთან მუშაობის შესაძლებლობასაც გვაძლევს ეს ფორმატი“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი