ირაკლი კობახიძე – მშვიდობის დაცვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, ერი, რომელსაც არ ახსოვს თავისი გმირები, უკეთეს მომავალს ვერ ააშენებს, ამიტომ სახელმწიფო დგამს ნაბიჯებს მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად
მშვიდობის დაცვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. მშვიდობიანი განვითარება კი სწორედ ძლიერ ჯარსა და თავდაცვისუნარიანობაზე დგას. ვეტერანებმა ყველაზე კარგად იცით ომისა და მშვიდობის ფასი და მნიშვნელობა. მეომართა ცოდნის გამოყენება, თქვენი ფასდაუდებელი გამოცდილების მომავალი თაობებისთვის გაზიარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ტოტალური თავდაცვის პრინციპის მხარდასაჭერად შექმნილი მოხალისეთა ორგანიზაციის ბაზაზე 4,000-ზე მეტი პირი გადამზადდა. სკოლებში კი ინერგება საპილოტე საგანი „თავდაცვა და უსაფრთხოება“, რისთვისაც 18-მა ვეტერანმა სპეციალური მომზადება გაიარა.
„განათლების პროგრამით მთავრობამ ვეტერანებისა და მათი შვილების სწავლის საფასურის 50 პროცენტი დაფარა, რაზეც ჯამურად 8.6 მილიონი ლარი გამოიყო. დაღუპულთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანთა შვილები სასწავლო გრანტს იღებენ.
ასევე გამოვასწორეთ საკანონმდებლო ხარვეზებიც. სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე მებრძოლები წელიწადში 3,000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე გადასახადისგან გათავისუფლდნენ. დევნილ ვეტერანებს საცხოვრებლის მიღებისას დამატებითი ქულები ენიჭებათ. ამოქმედდა უფასო იურიდიული მომსახურება, უსინათლო ვეტერანებისთვის წლიური მატერიალური დახმარება და სახელმწიფო სერვისების შეღავათები. ტრანსპორტის შეღავათები უკვე მოქმედებს თბილისსა და დიდ მუნიციპალიტეტებში, ასევე საქართველოს რკინიგზაზე. გრძელდება მუშაობა, რათა მსგავსი მიდგომა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგოს. ხელისუფლება, რა თქმა უნდა, მომავალშიც განაგრძობს ვეტერანებზე ზრუნვას.
ისტორიული მეხსიერების დაცვა ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობაა. ერი, რომელსაც არ ახსოვს თავისი გმირები, უკეთეს მომავალს ვერ ააშენებს. სწორედ ამიტომ სახელმწიფო დგამს ნაბიჯებს მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად – ათობით ქუჩას, სკვერსა და სკოლას დაღუპული გმირების სახელი მიენიჭა.
ძვირფასო ვეტერანებო, გმირთა ოჯახების წევრებო! კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და მადლობას გიხდით სამშობლოს სამსახურისთვის. მშვიდობას, კეთილდღეობას და დღეგრძელობას გისურვებთ“, – აღნიშნა პრემიერმა.