ირაკლი კობახიძე - მოვუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებიც ფიზიკური თუ ვერბალური ძალადობის სამოქალაქო აქტივიზმად წარმოჩენას ცდილობენ, თავი შეიკავონ აგრესიის წამახალისებელი განცხადებებისგან
ირაკლი კობახიძე - მოვუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებიც ფიზიკური თუ ვერბალური ძალადობის სამოქალაქო აქტივიზმად წარმოჩენას ცდილობენ, თავი შეიკავონ აგრესიის წამახალისებელი განცხადებებისგან

მოვუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებიც ფიზიკური თუ ვერბალური ძალადობის სამოქალაქო აქტივიზმად წარმოჩენას ცდილობენ, თავი შეიკავონ აგრესიის წამახალისებელი განცხადებებისგან, ეს ხელს უწყობს რადიკალიზმის გაღვივებას, რაც ამ ქვეყანას არ სჭირდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, სხვისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება თუ სხვა ტიპის ვერბალური შეურაცხყოფის მიყენება არ არის სამოქალაქო აქტივიზმი.

„როგორი მძიმეც არ უნდა იყოს კონკრეტული ადამიანის წარსული – და მერაბიშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წარსულის მქონე პოლიტიკოსი – ჩვენ უნდა გავემიჯნოთ ძალადობას. ვიღაცები არწმუნებენ ადამიანებს, რომ ეს არის სამოქალაქო აქტივიზმი. მე კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, რომ ეს არ არის სამოქალაქო აქტივიზმი. სხვისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება თუ სხვა ტიპის ვერბალური შეურაცხყოფის მიყენება არ არის სამოქალაქო აქტივიზმი. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს, ასე მგონია.

ასევე, მოვუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, ფიზიკური თუ ვერბალური ძალადობა წარმოაჩინონ სამოქალაქო აქტივიზმად, თავი შეიკავონ ასეთი განცხადებებისგან, რადგან ეს არის, უბრალოდ, აგრესიის და ე.წ. პოლარიზაციის წამახალისებელი განცხადებები, როდესაც ადამიანისთვის ცეცხლის წაკიდება, ნაგვის ურნის თავზე დამხობა, გინება წარმოჩენილია, როგორც სამოქალაქო აქტივიზმი. ეს ხელს უწყობს რადიკალიზმის გაღვივებას ქვეყანაში, რაც ამ ქვეყანას არ სჭირდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.