ირაკლი კობახიძე - მომხდარის ყველაზე სწორი შეფასება გააკეთა თავად პრემიერმა
ირაკლი კობახიძე - მომხდარის ყველაზე სწორი შეფასება გააკეთა თავად პრემიერმა

პარლამენტსა და მთავრობას შორის ინტერაქცია დემოკრატიული საპარლამენტო სისტემის განსავითარებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა და კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მთავრობის შეხვედრისას ნიკა მელიასა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შორის კამათს სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

„რაც შეეხება იმ ორ დღეს, რაც ჩვენ გამოვიარეთ მთავრობის დამტკიცებასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, დადებით კონტექსტში მინდა აღვნიშნო, რომ იყო ძალიან მნიშვნელოვან ორი დღე. მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ შედგა ძალიან მნიშვნელოვანი ინტერაქცია პარლამენტსა და მთავრობას შორის. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა განვითარდეს დემოკრატიული საპარლამენტო სისტემა, აქედან გამომდინარე სასურველია, ასეთი ინტერაქცია ხშირად განმეორდეს ჩვენს საპარლამენტო ცხოვრებაში, სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში.

რაც შეეხება ინციდენტს, ბუნებრივია ამ ინციდენტებმა გარკვეული ჩრდილი მიაყენა იმ დადებით პროცესს, რომელზეც ვსაუბრობდი. ეს იყო ძალიან სამწუხარო, იყო გარკვეული პროვოკაციები ჩვენი კოლეგა კონკრეტული პარლამენტარების მხრიდან, რასაც მოჰყვა შესაბამისი ინციდენტები. ამან, რა თქმა უნდა, მთლიანობაში ჩრდილი მიაყენა ძალიან სწორ პროცესს, რასაც ჰქვია აქტიური ინტერაქცია. მათ შორის კრიტიკა, მწვავე კრიტიკა, ესეც არის შემადგენელი ამ პროცესის, ეს არის ჯანსაღი დემოკრატიული პროცესი. იყო ძალიან მნიშვნელოვანი ორი დღე, რომელსაც ჩრდილი მიაყენა იმ ინციდენტმა, რომელიც ჩვენ ყველამ ვიხილეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე საზოგადოებამ სხვადასხვა შეფასება მოისმინა, მაგრამ მისი აზრით, ყველაზე სწორი შეფასება თავად პრემიერმა გააკეთა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, გიორგი კვირიკაშვილმა მომხდარზე ამომწურავად ისაუბრა, რითაც ყველა კითხვას პასუხი გაეცა.

„ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა ტიპის მოსაზრება, რომელთაგან ზოგი შეიძლება მოგვეწონოს, ზოგი შეიძლება ნაკლებად მოგვეწონოს. მე ახლა არ შევაფასებ ჩემი თანაგუნდელების განცხადებებსა და მოსაზრებებს, ეს არის საერთო სურათი. მთავარია, ჩვენ ყველამ ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ აგრესია შემცირდეს როგორც ზოგადად ქართულ პოლიტიკაში, ასევე კონრეტულად საქართველოს პარლამენტში.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პრემიერმა ყველაზე სწორი განცხადება გააკეთა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ვიმეორებ, იყო მძიმე პროვოკაცია და სასურველია, მომავალში ასეთი პროვოკაციები არ განმეორდეს და ყველამ ერთად, ჩვენ უმრავლესობამ, ოპოზიციამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ ქართულ პოლიტიკაში და მათ შორის კონკრეტულად საქართველოს პარლამენტში აგრესიის ხარისხი შემცირდეს.

აღნიშნეთ, რომ ასეთი ინციდენტები ამ ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკულად არ ყოფილა, იყო ერთი ინციდენტი, რაც არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიულობით, ამის უკან, რა თქმა უნდა, დგას მუშაობა, ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ მაქსიმალურად დაიხვეწოს პოლიტიკური სისტემა, დაიხვეწოს პოლიტიკური პროცესი და სწორედ ამის შედეგია, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართება საპარლამენტო ცხოვრება და მუშაობა.

ჩვენ გამოვიარეთ ძალიან მძიმე საპარლამენტო არჩევნები, 2016 წლის არჩევნების შემდეგ, გახსოვთ, რომ მზადდებოდა რევოლუციური განვითარებაც კი, იყო ძალიან მძიმე ვითარება, გვაქვს კონკრეტული შეფასება კონკრეტული პოლიტიკური ძალების მიმართ, თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ და პოლიტიკური კონსოლიდაციის ბევრად უფრო მაღალ ხარისხს მივაღწიეთ, რაც არის ძალიან კონკრეტული მუშაობს შედეგი. ვცდილობთ, თითოეულ პარტიასთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას, კომუნიკაციასა და ამ ყველაფრის შედეგია ის, რაც არის. ვფიქრობ, საერთო ტენდენცია მაინც რჩება დადებითი და მომდევნო სამი წლის განმავლობაში ამას კიდევ უფრო ავამაღლებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.