ირაკლი კობახიძე - მოლდოვის ხელისუფლება თვითონვე მზად არის, დათმოს სუვერენიტეტი, ლოგიკურია, რომ კონკრეტული ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ჩვენს ქვეყანას, აქებენ მოლდოვის ხელისუფლებას
წარმოუდგენელია, როდესაც ქვეყანაში ერთ-ერთი პირველი პირი აკეთებს განცხადებას სუვერენიტეტის დათმობის თაობაზე. ქვეყნის ხელისუფალი თუკი რაიმეს უნდა უფრთხილდებოდეს, ეს არის სწორედ სუვერენიტეტი, თუმცა ხედავთ, რომ მოლდოვაში სხვანაირად არის საქმე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა, რომელიც მოლდოვის ვიცე-პრემიერის განცხადებას შეეხებოდა.
კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს სრულიად საპირისპირო განცხადება, რომელიც მიმართულია სუვერენიტეტის განმტკიცებისა და დაცვისკენ, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ კონკრეტული ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან საქართველოს და ქართველ ხალხს, აქებენ ხოლმე მოლდოვის ხელისუფლებას.
„კონკრეტული ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენელი როცა აკეთებს ასეთ განცხადებას, ამის აღქმაც კი რთულია, არათუ გამართლება და სერიოზულად მსჯელობა. წარმოუდგენელია, როდესაც ქვეყანაში ერთ-ერთი პირველი პირი აკეთებს განცხადებას სუვერენიტეტის დათმობის თაობაზე. ქვეყნის ხელისუფალი თუკი რაიმეს უნდა უფრთხილდებოდეს, ეს არის სწორედ სუვერენიტეტი, თუმცა ხედავთ, რომ მოლდოვაში სხვანაირად არის საქმე.
ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები თვითონვე მზად არიან, დათმონ ქვეყნის სუვერენიტეტი და ეს უფასდებათ კონკრეტული ძალების მხრიდან, რომლებიც სწორედაც რომ მიმართული არიან ამა თუ იმ ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვისკენ, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია. ჩემთვის გაუგებარია ნებისმიერი ასეთი განცხადება. ჩვენ გვაქვს სრულიად საპირისპირო განცხადება, რომელიც მიმართულია სწორედ სუვერენიტეტის განმტკიცებისა და დაცვისკენ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ლოგიკურია, რომ კონკრეტული ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს, სისტემურად და სისტემატურად აქებენ ხოლმე მოლდოვის ხელისუფლებას. ეს აბსოლუტურად ლოგიკური მგონია“, – აღნიშნა პრემიერმა.
შეგახსენებთ, მოლდოვის ვიცე-პრემიერმა, ევგენ ოსმოჩესკუმ განაცხადა, რომ „მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი თუ შეფერხდება ან ჩაიშლება, ერთ-ერთ ალტერნატიულ ვარიანტად რუმინეთთან გაერთიანება განიხილება“.