ირაკლი კობახიძე - მოლდოვას თან ვითომ ევროინტეგრაცია უნდა და თან დსთ-ს წევრად რჩება, სრული აბსურდია და ვერც ხსნიან ამ აბსურდს, კორუფცია ყვავის, უმძიმესი მდგომარეობაა ამ კუთხით
მოლდოვას თან ვითომ ევროინტეგრაცია უნდა და თან დსთ-ს წევრად რჩება. სრული აბსურდია და ვერც ხსნიან ამ აბსურდს, მაგრამ რჩებიან დსთ-ს წევრად. კორუფცია ყვავის, უმძიმესი მდგომარეობაა ამ კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ უნდა დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში მოლდოვასთან. მოლდოვაში, მით უმეტეს, რომ არის ტრაგიკული მდგომაროება. თან გაცხადებული მიზანი აქვთ, რომ უნდათ ევროინტეგრაცია, თან მოლდოვაში მოსახლეობის 45% უჭერს მხოლოდ მხარს ევროინტეგრაციას, რაც რეფერენდუმზე დაფიქსირდა. მოლდოვას თან ვითომ ევროინტეგრაცია უნდა და თან დსთ-ს წევრად რჩება. სრული აბსურდია და ვერც ხსნიან ამ აბსურდს, მაგრამ რჩებიან დსთ-ს წევრად. კორუფცია ყვავის, უმძიმესი მდგომარეობაა ამ კუთხით. ეს აისახება პირდაპირ ეკონომიკაზე. 11 მლრდ დოლარით გავზარდეთ ჩვენ ამ ოთხი წლის განმავლობაში სხვაობა ჩვენს ეკონომიკებს შორის. ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ მოლდოვაში არის ძალიან სუსტი ინსტიტუტები, კორუფცია ყვავის, არ აქვთ გამართული ეკონომიკური მენეჯმენტი, ამისგან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს სრულიად განსხვავებული სურათი.“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, კითხვაზე, რომ „მოლდოვა წინ არის პოლიტიკურ პროცესში ევროინტეგრაციის მიმართულებით“, – კობახიძემ განაცხადა: „ეს ყველაფერი ხომ ფარსია“.
„მინდა შეგახსენოთ, რა მოხდა 2022 წელს. მათ ევროკავშირიდან ბიუროკრატებმა შესთავაზეს უკრაინას კანდიდატობაზე განაცხადის შეტანა, ამას ლოგიკურად მიჰყვა შემდეგ მოლდოვის და საქართველოს განაცხადი, თუმცა მაშინ აზრადაც არავის გაუვლია ამ სამი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება. ყველაფერი იყო მოაზრებული ერთი მარტივი რამისთვის – საქართველოსთვის ხელოვნურად უნდა შეექმნათ ზეწოლის მექანიზმი. აზრადაც არავის გაუვლია მაშინ უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში. თუმცა ჩვენ მაინც ვართ იმედიანად განწყობილი და ვფიქრობთ, 2030 წლისთვის საქართველო, განსხვავებით სხვა კანდიდატი ქვეყნებისგან შეძლებს ევროკავშირში გაწევრიანებას, თუ მანამდე ევროკავშირში ისე წარიმართება პროცესები, როგორც უნდა წარიმართოს და არა ისე, როგორც დღეს წარიმართება.
მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენო, რა ხდება ევროკავშირში. ევროკავშირის ეკონომიკის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 2008 წელს იყო 30% და 17 წლის თავზე, 2024 წელს შემცირდა ეს წილი 17.5 პროცენტამდე. ეს არის ეკონომიკური ტენდენცია დღეს ევროკავშირში. ჯერ რა თქმა უნდა ინარჩუნებს ევროკავშირი კეთილდღეობის მაღალ დონეს ინერციით. 70-წლიანმა უწყვეტმა მშვიდობამ ევროკავშირს მოუტანა ეკონომიკური განვითარების მაღალი დონე და ამას ინარჩუნებს. დღესაც ჩვენზე წინ არიან, მაგრამ როცა ჩამოდიხარ 30%-დან 17.5%-მდე, ეს აჩვენებს ძალიან მძიმე ეკონომიკურ ტენდენციებს. ამას ემატება ახალი სატარიფო ომები, დამატებითი ტვირთი მილიტარიზაციასთან დაკავშირებით და ა.შ, ეს პირდაპირ დააწვება დამატებით ევროკავშირის ეკონომიკას, თუმცა ჩვენ მაინც იმედს ვიტოვებთ, რომ ეკონომიკურადაც საინტერესო დარჩება ევროკავშირი 2030 წლისთვის და პოლიტიკურად, იდენტობა. ხედავთ , რა მდგომარეობაა ევროკავშირში. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობას დაუკარგეს ეროვნული რელიგიური იდენტობა. არაერთი ქვეყანაა ევროკავშირში, სადაც ნახევარს ჩამოსცდა ქრისტიანული მოსახლეობის წილი. მათ შორის ერთ-ერთი არის გერმანია, ასეთია ჩეხეთი, ესტონეთი და ა.შ. მრავალი ასეთი ქვეყანაა, სადაც რელიგიურ იდენტობას კარგავენ. ეთნიკური იდენტობის კუთხითაც თქვენ იცით, რა მდგომარეობაა განსაკუთრბეით დასავლეთ ევროპის დიდ ქალაქებში. ტენდენციები არის ძალიან შემაშფოთებელი, თუმცა ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ევროკავშირი მოახერხებს აღორძინებას და 2030 წლისთვის, როდესაც უკვე რეალური გახდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ევროკავშირი იქნება გაძლიერებული და არა დასუსტებული, რაც ჩანს დღევანდელი ტენდენციებიდან გამომდინარე. ჩვენ ვუსურვებთ ევროკავშირს აღორძინებას და გაძლიერებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ