ირაკლი კობახიძე - მოხდა ლევან მურუსიძის დემონიზაცია, პირველ რიგში, პოლიტიკური ოპონენტების მიერ
ირაკლი კობახიძე - მოხდა ლევან მურუსიძის დემონიზაცია, პირველ რიგში, პოლიტიკური ოპონენტების მიერ

მოხდა ლევან მურუსიძის დემონიზაცია, პირველ რიგში, პოლიტიკური ოპონენტების მიერ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მურუსიძის წინააღმდეგ პოლიტიკური შეტევა მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპონენტებმა დაინახეს, რომ ის დამოუკიდებელი გახდა.

„მურუსიძის გამწესება იყო სასამართლო სისტემის პრეროგატივა, იუსტიციის საბჭომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. სასამართლო სისტემაში არის ფუნდამენტური პროგრესი და გარკვეული ძალები, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ, ეს ფუნდამენტური ცვლილებები გადაფარონ მუდმივი სპეკულირებით, სახელებითა და გვარებით. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. დღეს არ მინდა გამოვიდე არც ადვოკატად და არც პროკურორად, ეს ვერ იქნება დღეს ჩემი ფუნქცია. ვსაუბრობ როგორც საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელი.

რაც შეეხება მურუსიძეს, მოხდა მისი დემონიზაცია, ეს გაკეთდა პირველ რიგში პოლიტიკური ოპონენტების მიერ.

2013 წელს მურუსიძე დაინიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად ისე, რომ არავის გაუგია ამის შესახებ. ერთი წელი ისე გავიდა არც ნაცმოძრაობას, არც არასამთავრობოებს, არც „რუსთავი 2“-ს, არცერთს არაფერი უთქვამთ, როცა მოხდა მისი დაწინაურება. როგორც კი პოლიტიკურმა ოპონენტებმა დაინახეს, რომ მურუსიძე გახდა დამოუკიდებელი, მაშინვე დაიწყო პოლიტიკური შეტევა მის წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა სასამართლო სისტემაში მიღწეულ პროგრესზე და აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდგომ პერიოდში, სასამართლო ხელისუფლების მიმართ ხელისუფლების სხვა შტოების მიდგომები შეიცვალა. ირაკლი კობახიძის თქმით, დარჩა იგივე სასამართლო კორპუსი, თუმცა მოსამართლეები დღეს დამოუკიდებლები არიან.

ლევან მურუსიძის უვადო  მოსამართლედ განწესებას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 27 დეკემბერს მხარი დაუჭირა.

ლევან მურუსიძის კანდიდატურას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა მხარი,  ერთი წევრის ხმა გაბათილდა, ხოლო ორი წინააღმდეგი იყო.