ირაკლი კობახიძე - მოხარული ვართ, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღას მაღალი შეფასება მისცეს
ირაკლი კობახიძე - მოხარული ვართ, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღას მაღალი შეფასება მისცეს

მოხარული ვართ, რომ მაღალი შეფასება მისცა კანონპროექტს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ და ევროკავშირის დელეგაციამ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე მუშაობა დასრულდა და კანონპროექტი ძალიან ფართო ჩართულობით მომზადდა.

„გუშინ მოხდა შესაბამისი კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში. მადლობას გადავუხდი ყველა სუბიექტს ძალიან აქტიური ჩართულობისთვის და კონსტრუქციული მიდგომისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა ამ პროცესში. ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლების. მათი კონსტრუქციული და საქმიანი მიდგომა რომ არ ყოფილიყო, ეს რეფორმა ვერ განხორციელდებოდა. დღეს საგანგებო განცხადება გამოქვეყნდა სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღასთან დაკავშირებით. ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის დელეგაციის მიერ გამოქვეყნდა. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას და მათ რეკომენდაციებს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მოხარული ვართ, რომ ესოდენ მაღალი შეფასება მისცა კანონპროექტს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ და ევროკავშირის დელეგაციამ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო თავად კანონპროექტის შინაარსზე ხაზგასმა. კერძოდ აღნიშნულია, რომ ასახულია ყველა ის ძირითადი საკვანძო რეკომენდაცია, რომლის მიზანია სასამართლოს ეფექტიანობისა და დამოუკიდებლობის შემდგომი გაუმჯობესება. ასევე მინიშნება კონსენსუსზე იყო ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, კანონპროექტი ფართო კონსენსუსით მომზადდა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„კიდევ ერთხელ თითოეულ პარტნიორს მადლობა მინდა გადავუხდი. ჩვენი საერთო ამოცანა არის სასამართლო დამოუკიდებლობის, ეფექტიანობის შემდეგი გაუმჯობესება და სწორედ ამ მიზანს ემსახურება კანონპროექტი, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით იყო მომზადებული. პროცესი გაგრძელდება. უკვე ივლისის თვეში იქნება მიღებული პირველი მოსმენით კანონპროექტი და უახლოეს მომავალში დასრულდება ამ კანონპროექტის მიღება. რაც არსებითი ცვლილებების განხორციელებას უზრუნველყოფს მართლმსაჯულების სისტემაში“, – განაცხადა კობახიძემ.

დღეს აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში მიესალმებიან სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფინალურ კანონპროექტს, რომელიც ფართო კონსენსუსით მომზადდა.

დატოვე კომენტარი