ირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანია, ყველა სტუმრის მიმართ სოლიდარობა და გულთბილი დამოკიდებულება გამოვხატოთ
ირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანია, ყველა სტუმრის მიმართ სოლიდარობა და გულთბილი დამოკიდებულება გამოვხატოთ

მნიშვნელოვანია, სოლიდარობა და გულთბილი დამოკიდებულება გამოვხატოთ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც არის ჩვენი სტუმარი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხო ამხანაგური მატჩის დაწყებამდე განაცხადა.

„მერის ინიციატივა ძალიან კარგი ინიციატივაა, მე თვითონ ვსწავლობდი გერმანიაში სამი წლის განმავლობაში და ძალიან კარგად ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ხალხი, ვისთანაც გაქვს შეხება, შენ მიმართ კეთილგანწყობილი იყოს. სტუმარ-მასპინძლობა ჩვენი დამახასიათებელი თვისებაა და ამას ვერავინ წაგვართმევს. მნიშვნელოვანია, სოლიდარობა და გულთბილი დამოკიდებულება გამოვხატოთ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც არის ჩვენი სტუმარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს მოქალაქეებსა და თბილისში სასწავლებლად ჩამოსულ სტუმრებს შორის ამხანაგური საფეხბურთო მატჩი მიმდინარეობს.

ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე საფეხბურთო მატჩში თბილისის მერი კახა კალაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობიაშვილიც მონაწილეობენ.

საფეხბურთო მატჩი ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყო.

ა​მხანაგური შეხვედრა 8 აპრილს ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ იმართება.

8 აპრილს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ბელიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე მოქალაქე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დაუპირისპირდა და სტადიონიდან გააძევა.

სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.