ირაკლი კობახიძე - მმართველი პარტიის ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება ხელს შეუწყობს ქალთა ინტერესების მკვეთრ რეალიზებას საზოგადოებაში, ქალთა უფლებების უკეთ დაცვას, დარწმუნებული ვართ, ეს იქნება წარმატებული ინიციატივა
ირაკლი კობახიძე - მმართველი პარტიის ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება ხელს შეუწყობს ქალთა ინტერესების მკვეთრ რეალიზებას საზოგადოებაში, ქალთა უფლებების უკეთ დაცვას, დარწმუნებული ვართ, ეს იქნება წარმატებული ინიციატივა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დასრულდა რეგიონებში საორგანიზაციო შეხვედრები, რომლებიც ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებას ემსახურება.

კობახიძის თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი პარტიისთვის, რაც ხელს შეწუყობს ქალი წევრების პროფესიულ განვითარებას, მათ კარიერულ წინსვლას.

„დღეს დავასრულეთ საორგანიზაციო შეხვედრები რეგიონებში. ათივე რეგიონში გაიმართა ასეთი შეხვედრა, რომელიც ემსახურება ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი პარტიისთვის, რომელიც ხელს შეწუყობს ჩვენი პარტიის ქალი წევრების პროფესიულ განვითარებას, მათ კარიერულ წინსვლას. და ზოგადად, მმართველი პარტიის ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება არის ის ნაბიჯი, რომელიც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს  ქალთა ინტერესების მკვეთრ რეალიზებას ჩვენს საზოგადოებაში, ქალთა უფლებების უკეთ დაცვას, შესაბამისად, ეს ინიციატივა არის მნიშვნელოვანი და დარწმუნებული ვართ, რომ ეს იქნება წარმატებული ინიციატივა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძე მიიჩნევს, რომ გენდერული კვოტების შემოღების თაობაზე ორი წლის წინანდელმა გადაწყვეტილებამ დადებითი შედეგი გამოიღო.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ორი წლის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება გენდერული კვოტების შემოღების თაობაზე. მაშინ იყო აზრთა სხვადასხვაობა ამ თემაზე, თუმცა დღეს ყველა ხედავს, რომ ამ ინიციატივამ გამოიღო უკვე ხელშესახები, ძალიან დადებითი შედეგები. პარლამენტში გაზრდილია ქალების რაოდენობა, რაც ხელს უწყობს პარლამენტის უკეთ მუშაობას, ახალი ინიციატივების წარმოჩენას პარლამენტში. ასევე, განსაკუთრებით საკრებულოების დონეზე ორნახევარჯერ არის გაზრდილი ქალების წარმომადგენლობა.ეს არის ხელშესახები შედეგი, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მეტად იხვეწება ის მუშაობა, რომელიც წარიმართება წარმომადგენლობით ორგანოებში სხვადასხვა დონეზე. ეს იყო ჩვენი ამოცანა, როდესაც ვიღებდით გადაწყევტილებას კვოტების შემოღების თაობაზე და საბოლოო ჯამში ეს ინიციატივა აღმოჩნდა  ძალიან გამართლებული და წარმატებული“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.