ირაკლი კობახიძე - მხარდაჭერა, რომელსაც გვიცხადებენ ჩვენი ამერიკელი მეგობრები, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, არის უპრეცედენტო
ირაკლი კობახიძე - მხარდაჭერა, რომელსაც გვიცხადებენ ჩვენი ამერიკელი მეგობრები, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, არის უპრეცედენტო

ასეთი მხარდაჭერა საქართველოს არასდროს ჰქონია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და ეს არის ჩვენი ხელისუფლების ძალიან თანმიმდევრული და სწორი პოლიტიკის შედეგი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ-ის კონგრესში წარდგენილ, სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობ რეზოლუციასთან დაკავშირებით განუცხადა.

„მხარდაჭერა, რომელსაც გვიცხადებენ ჩვენი ამერიკელი მეგობრები, განსაკუთრებით ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში, არის უპრეცედენტო, არნახული მხარდაჭერა. ასეთი მხარდაჭერა საქართველოს არასდროს ჰქონია. მთელი ამ წლების განმავლობაში მიღებულია არაერთი, მათ შორის კანონის ძალის დოკუმენტი ამერიკის კონგრესის მიერ, რომელიც მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას. მეტიც, ამ აქტებით არის გათვალისწინებული კონკრეტული ზომები იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ამ პრინციპს არ აღიარებენ. ასეთი მხარდაჭერა ნამდვილად უპრეცედენტოა. გარდა ამისა, წარმოდგენილია ახალი ინიციატივები ამერიკის კონგრესში, ზოგადად, ხელისუფლებაში. საუბარია, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე, რაც არის, ასევე, უპრეცედენტო ნაბიჯი ჩვენი ამერიკელი მეგობრების მხრიდან. საქართველოს მხარდამჭერი კანონის პროექტი არის ინიცირებული ამერიკის კონგრესში. ასეთი მხარდაჭერა საქართველოს არ ჰქონია არასდროს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და ეს არის ჩვენი ხელისუფლების ძალიან თანმიმდევრული და სწორი პოლიტიკის შედეგი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აშშ-ში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესში სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუცია წარადგინეს.  დოკუმენტში კიდევ ერთხელ ხაზგასმულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლინობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა და დაგმობილია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“/ცხინვალის – ოკუპაცია.