ირაკლი კობახიძე - მიუხედავად იმისა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილს აცხადებდა ჯაშუშად, დღეს მხარს არ დაუჭერენ იმპიჩმენტის პროცედურას, რაც მეტყველებს მათ ბუნებაზე
ირაკლი კობახიძე - მიუხედავად იმისა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილს აცხადებდა ჯაშუშად, დღეს მხარს არ დაუჭერენ იმპიჩმენტის პროცედურას, რაც მეტყველებს მათ ბუნებაზე

კონსტიტუცია უხეშად დაირღვა და ამის რეაგირების გარეშე დატოვება მმართველი გუნდის მხრიდან იქნებოდა, უბრალოდ, უპატივცემულობა საქართველოს კონსტიტუციის მიმართ. როდესაც უხეშად ირღვევა კონსტიტუცია, მით უმეტეს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ, ასეთ დროს მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა, რომ ქმედითი რეაგირება განახორციელოს ასეთ უხეშ ქმედებაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დოკუმენტაცია გროვდება და, სავარაუდოდ, ორშაბათს წარედგინება საკონსტიტუციო სასამართლოს.

„სწორედ ამის გამო დავიწყეთ იმპიჩმენტის პროცედურა, მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდს არ აქვს 100 ხმა ამ პროცესის ბოლომდე მისაყვანად. მიუხედავად იმისა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილს თავის დროზე აცხადებდა ჯაშუშად, მოღალატედ, რეზიდენტად და ა.შ., დღეს ისინი ატარებენ ერთ დღის წესრიგს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ისინი მხარს არ დაუჭერენ იმპიჩმენტის პროცედურას. ანუ, მათ მიერვე ჯაშუშად გამოცხადებულ პრეზიდენტს დატოვებენ პრეზიდენტის თანამდებობაზე, რაც მეტყველებს ზოგადად მათ ბუნებაზე და მათი დღის წესრიგის ბუნებაზე. პროცედურას რაც შეეხება, ხელმოწერები თითქმის შეგროვებულია, დღეს დასრულდება ეს პროცესი. ასევე, დოკუმენტაციის სრულყოფაც მოხდება მაქსიმუმ ხვალამდე და ამის შემდეგ უკვე საპროცედურო კომიტეტს გადაეგზავნება დოკუმენტაცია, რის შემდეგაც გაიმართება საპროცედურო კომიტეტის სხდომა რეგლამენტის შესაბამისად. როგორც კი კომიტეტი დაადასტურებს ხელმოწერების ნამდვილობას, მაშინვე უკვე ოფიციალურად წარედგინება ეს დოკუმენტაცია, ანუ კონსტიტუციური წარდგინება, საკონსტიტუციო სასამართლოს. ეს არის, რეალურად, დღეების საქმე. იმის მიხედვით, თუ როდის გაიმართება კომიტეტის სხდომა, მაქსიმუმ, ორშაბათს უკვე ოფიციალურად წარედგინება ეს დოკუმენტაცია საკონსტიტუციო სასამართლოს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას აქვთ ერთი და იგივე დღის წესრიგი, მათი რიტორიკაც ერთი ერთში ემთხვევა ერთმანეთს.

„აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ისინი ერთნაირი ინტერესებით მოქმედებენ. ეს არის მათი დღის წესრიგი, რაც გამომდინარეობს იქიდან, რომ მათ ჰყავთ, როგორც უკვე არაერთგზის აღვნიშნე, საერთო პატრონი, ეს არის გლობალური „ომის პარტია“ და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ერთი – საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, ეს არის მათი უმთავრესი ინტერესი; და მეორე – თუ მაინც მიენიჭება ქვეყანას კანდიდატის სტატუსი და ამ კუთხით პერსპექტივა არის გაზრდილი ბოლო 2-3 თვის განმავლობაში, სალომე ზურაბიშვილი ეცდება, რომ მაქსიმალურად თავის თავზე მიიწეროს ეს გადაწყვეტილება. ეს არის მათი დღის წესრიგი. გასაგებია, რაც მათ ამოძრავებს, ეს არის რადიკალური დღის წესრიგის მორიგი გამოვლინება“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ორი აზრიც კი არ შეიძლება არსებობდეს იმის შესახებ, რომ უხეშად არის დარღვეული საქართველოს კონსტიტუცია.

„რაც შეეხება თვითონ შინაარსს, პირდაპირ წერია კონსტიტუციაში, რომ პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, მათ შორის საზღვარგარეთ წასვლა, სამუშაო შეხვედრების გამართვა და ა.შ. ეს იცოდა სალომე ზურაბიშვილმა და სწორედ ამისათვის მოითხოვა თანხმობა მთავრობისგან და ვერ მიიღო თანხმობა. ამის მიუხედავად, მაინც წავიდა. იმდენად შავით თეთრზე დაირღვა, თან უხეშად, ძალიან უხეშად კონსტიტუცია, რომ აქ ორი აზრი არ შეიძლება, არსებობდეს. მაგალითად, გერმანიაში, სადაც მე გავდიოდი სამართლის კურსს, ასეთი კაზუსები გასახურებლად მიჰქონდათ ხოლმე პირველ კურსზე, პირველ-მეორე ლექციაზე. ამ დონის კაზუსთან გვაქვს ჩვენ შეხება. აქ ორი აზრიც კი არ შეიძლება არსებობდეს იმის შესახებ, რომ უხეშად არის დარღვეული საქართველოს კონსტიტუცია. ძალიან მარტივი კაზუსია“, – განაცხადა კობახიძემ.