ირაკლი კობახიძე - მიუღებელია, როდესაც ოპოზიციაში გადადიხარ და თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით მიღებულ ინფორმაციას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებ
ირაკლი კობახიძე - მიუღებელია, როდესაც ოპოზიციაში გადადიხარ და თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით მიღებულ ინფორმაციას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებ

მიუღებელია, როდესაც ოპოზიციაში გადადიხარ და თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით მიღებულ ინფორმაციას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამაზე პასუხისმგებელია არა მხოლოდ შესაბამისი პირი, არამედ შესაბამისი პირის უფროსიც.

„სუს-ის უფროსის მოადგილეებს შეიძლება ჰქონდათ კონკრეტული ინფორმაცია და რა თქმა უნდა, მათ კანონიერი გზებით შეუძლიათ ფართო ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა სფეროში. როდესაც ამის შემდეგ გადადიხარ ოპოზიციაში, უერთდები რადიკალურ ოპოზიციას და შენ მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით მიღებულ ინფორმაციას იყენებ ოპოზიციური პოლიტიკური მიზნებისთვის, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენა. ამაზე პასუხისმგებელია არა მხოლოდ შესაბამისი პირი, არამედ ამ შესაბამისი პირის უფროსიც, პირველ რიგში, ხოჯევანიშვილი“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, „როგორ ფიქრობთ, უნდა დაიბარონ თუ არა დაკითხვაზე სუს-ის ხელმძღვანელი პირები“, კობახიძემ განაცხადა, რომ ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს.

„მგონია, რომ ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს და ასეთ სენსიტიურ საკითხებზე პოლიტიკური სპეკულაციების აგება, არის უბრალოდ არასახელმწიფოებრივი მიდგომის შედეგი. გამომდინარე იმ ლოგიკიდან, რაც იკითხება კონკრეტული ტელევიზიების მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან, რა თქმა უნდა, მაქვს საფუძველი, რომ კონკრეტულ პირზე მქონდეს ეჭვები, დავაკონკრეტე ვინ არის ეს პირი. რაც შეეხება მეორე პირს, ანუ სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, მასზე ასეთი ლოგიკური ეჭვის საფუძველი ამ შემთხვევაში, არ მაქვს. ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე სუს-ის უფროსთან კომუნიკაციის შესაძლებლობა მაქვს ხოლმე. ბუნებრივია, ყველაფრით ვინტერესდებით, ვცვლით ხოლმე ინფორმაციას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის. ამ თემასთან დაკავშირებით, კიდევ გავიმეორებ, იყო ძალიან დიდი მოლოდინი კონკრეტული პირების მხრიდან, რომ ამ რაღაც გაუგებარი ქაღალდების გამოგდებით ისინი შეძლებდნენ პოლიტიკურ პროცესებში მათთვის სასარგებლო გარდატეხის შეტანას, თუმცა ეს ყველაფერი მარტივი მიზეზის გამო ჩაუვარდათ. გაუგებარი ქაღალდები გადმოაგდეს და მეორე, აბსოლუტურად უინტერესოა ყველა ინფორმაცია, რაც აქ არის“, – განაცხადა კობახიძემ.