ირაკლი კობახიძე - მინდა, ყველას მივულოცო ვიზალიბერალიზაციის ერთი წლის იუბილე, რაც ჩვენთვის დიდი პრივილეგია და პასუხისმგებლობაა
ირაკლი კობახიძე - მინდა, ყველას მივულოცო ვიზალიბერალიზაციის ერთი წლის იუბილე, რაც ჩვენთვის დიდი პრივილეგია და პასუხისმგებლობაა

მინდა, ყველას კიდევ ერთხელ მივულოცო უვიზო მიმოსვლის ამოქმედების ერთი წლის იუბილე, რაც არის ჩვენთვის ძალიან დიდი პრივილეგია და პრივილეგიასთან ერთად, ეს არის ჩვენი დიდი პასუხისმგებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ მომავალში იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღეს ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ერთობლივად დაიწყებს მუშაობას უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ სათანადოდ წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი ევროპელი მეგობრების წინაშე, რაც გახდება იმის საწინდარი, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდეთ ევროპას და ევროპის კავშირს. უვიზო მიმოსვლასთან არის დაკავშირებული გარკვეული გამოწვევები და ჩვენ ამ ყველაფერზე უნდა ვიზრუნოთ. მათ შორის, თუ არის გარკვეული ზომები მისაღები იმისათვის, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ სათანადო პასუხისმგებლობა ამ საკითხის მიმართ საკანონმდებლო ცვლილებებით ან რაიმე სხვა ზომებით, ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ყველაფერი განვიხილოთ. აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ მუშაობას შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლითაც გაიზრდება პასუხისმგებლობა ჩვენი ევროპელი მეგობრების მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.