ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რას წარმოადგენს, ის აბსოლუტურად ყველაფერში ფეიკია, შიმშილობაშიც, გატაცებაშიც, ჩამოსვლაშიც
ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რას წარმოადგენს, ის აბსოლუტურად ყველაფერში ფეიკია, შიმშილობაშიც, გატაცებაშიც, ჩამოსვლაშიც

მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რას წარმოადგენს, ის აბსოლუტურად ყველაფერში ფეიკია, შიმშილობაშიც, გატაცებაშიც, ჩამოსვლაშიც, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ხობში განუცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად რეგიონების მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს განაგრძობს.

კობახიძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავისი გატაცების სცენარზე საუბრობს.

„თვითონ ეს სცენარი თავისთავად შეიძლება, საინტერესო არ იყოს. საინტერესო არის ის, რომ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ამ კაცმა, რას წარმოადგენს. ერთი, რომ ის არის აბსოლუტურად ფეიკი ყველაფერში – შიმშილობაშიც ფეიკია, გატაცებაშიც, ჩამოსვლაშიც. ყველაფერი არის ე.წ. ფეიკი. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ სერიოზული ფსიქოლოგიური და ფსიქიკური პრობლემები აქვს და ასეთ ადამიანს სურდა ძალაუფლების დაბრუნება, რაც ბუნებრივია, აღიკვეთა და აღიკვეთება ყოველთვის. ხელისუფლება დგას თავის ადგილზე და ასეთ ადამიანებს, ასეთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აქვს ფსიქოლოგიისა და ფსიქიკის პრობლემა, არასდროს მიეცემა ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კითხვას იმის შესახებ, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას ბინძური მეთოდებით მოგების მცდელობაში ადანაშაულებს და ასევე გუშინ ხობში იარაღის ჩადების ფაქტზე პოლიციის მაღალჩინოსანი დააკავეს, კობახიძემ უპასუხა, რომ ეს არ არის მისი კომპეტენცია და საკითხზე დეტალურ ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისგან მოისმენენ.

„არ ვიცი, ასეთი სპეკულაციები მუდმივად ისმის არჩევნების წინ, არჩევნების გარეშეც. ამაზე რა თქმა უნდა, სათანადო პასუხებს გაგვცემენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები. ეს არ არის ჩემი კომპეტენცია. მე არ ვარ ამაში ჩახედული, ვინც არის ჩახედული, ისინი გაგცემენ პასუხს“, – აღნიშნა კობახიძემ.

კითხვაზე, ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლებელია თუ არა, რომ მმართველმა გუნდმა უმრავლესობა დაკარგოს და გუნდის წევრებმა პარტია შეიცვალონ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ვინმეს რაღაც ილუზიები აქვს, თავისთვის უნდა შეინახოს.

„პოლიტიკური მოცემულობა არის შემდეგი, რომ ჩვენ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. მივიღეთ ამომრჩევლის ხმების 47%. გავიმეორეთ ის შედეგი, რაც გვქონდა წინა საპარალამენტო არჩევნებზე. „ნაცმოძრაობის“ ბელადი არის ციხეში. შესაბამისად, თუ ვინმეს რაღაც ილუზიები აქვს, შეუძლია, ეს ილუზიები თავისთვის შეინახოს. „ქართული ოცნება“ სარგებლობს მაღალი ლეგიტიმაციით და ამ ლეგიტიმაციით გააგრძელებს ქვეყნის, თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია ნებისმიერი ადამიანის უფლებების დაცვა.

„ზოგადად რაც შეეხება ადამიანის უფლებების დაცვას, ბუნებრივია, ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტი. ნებისმიერი ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული, მათ შორის ისეთი მძიმე დამნაშავისაც კი, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი. სწორედ ამით გამოირჩევა ჩვენი ხელისუფლება, ეს არის ჩვენი ღირებულებები, დანარჩენი არის დეტალები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.