ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილი პირადად ესტუმრა მიხალკოვს შვილის ქორწილში, რომელიც საქართველოში შედგა, მიუხედავად იმისა, რომ სულ რუსეთ-საქართველოს ომიდან რამდენიმე წელი იყო გასული
ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილი პირადად ესტუმრა მიხალკოვს შვილის ქორწილში, რომელიც საქართველოში შედგა, მიუხედავად იმისა, რომ სულ რუსეთ-საქართველოს ომიდან რამდენიმე წელი იყო გასული

ჩვენ წინასწარ ვაკეთებდით პროგნოზს, რომ ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, აუცილებლად დაიწყებოდა ქსენოფობიური კამპანიის ახალი ტალღა და რაც გვქონდა პროგნოზი, ზუსტად ის ახდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ქსენოფობიის ადგილი საქართველოში არ არის.

„რეალურად არის ქსენოფობიური კამპანია – მეოთხე ტალღა. შეგახსენებთ, შარშან მათ ჰქონდათ სამი მცდელობა, რომ აეგორებინათ ასეთი კამპანიები. ეს იყო თავიდან, როცა დაიწყო ომი და როცა შემოვიდა გარკვეული ნაკადი ადამიანებისა რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში. შემდეგ ეს უკავშირდებოდა ტურისტულ სეზონს და შემდეგ უკავშირდებოდა რუსეთის ხელისუფლების მიერ მობილიზაციის გამოცხადებას. ეს იყო სამი სხვადასხვა მცდელობა, რომ გამოეწვიათ ემოციები, ქსენოფობიური კამპანია გააღვივეს, თუმცა მაშინ ისინი იყვნენ წარუმატებლები და მე მგონია, მომავალშიც წარუმატებელი იქნება ეს კამპანია, გამომდინარე იქიდან, რომ ქსენოფობია არ ზის ქართული საზოგადოების ბუნებაში. ეს არის ლიბერალურ-ფაშისტური კამპანიის ერთ-ერთი განშტოება, ასე ვიტყოდი. ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ ასეთი ტიპის კამპანიებისგან. ქსენოფობიის ადგილი საქართველოში არ არის“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, იმყოფება თუ არა ლავროვის შვილი ან ვინმე სანქცირებული პირი დღეს საქართველოში, კობახიძემ აღნიშნა, რომ ამაზე არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია.

„მე ვერ გეტყვით ამას, ვეყრდნობი ამ შემთხვევაში სასტუმროს ინფორმაციას. მე არ მაქვს ამაზე დაზუსტებული მონაცემები. მთავარი რა არის ჩემთვის, რომ აქ არის კონკრეტული მიდგომა, რაც იკვეთება კონკრეტული ადამიანების ქმედებებში და ასევე, ორმაგი სტანდარტი. თქვენ გახსოვთ მათი დამოკიდებულება 2008 წლის შემდეგ. იგივე, როდესაც მიხალკოვს შვილის ქორწილი შედგა საქართველოში. მაშინ პირადად ესტუმრა მას მიხეილ სააკაშვილი, მაშინდელი პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე წელი, სამი წელი იყო გასული რუსეთ-საქართველოს ომიდან. მაშინ, მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ დავკარგეთ ტერიტოროების 20 პროცენტი, 30 000 ადამიანი იქცა დევნილად“, – განაცხადა კობახიძემ.