ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უამრავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი, ამ შემთხვევაში პრეზიდენტობა მისთვის პლუსი კი არა, ძალიან დიდი მინუსია
ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უამრავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი, ამ შემთხვევაში პრეზიდენტობა მისთვის პლუსი კი არა, ძალიან დიდი მინუსია

მილიონი დოლარი დახარჯეს და ისეთი დიაგნოზი მაინც ვერ დადეს, რომელიც სასამართლოს სასჯელის გადავადების საფუძველს მისცემდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

„სააკაშვილის შემთხვევაში არ არსებობს არცერთი დიაგნოზი, რომელიც სასამართლოს სასჯელის გადავადების საფუძველს მისცემდა. დეტალურად არის გაწერილი, რომელი დიაგნოზი იძლევა სასჯელის გადავადების საფუძველს და არცერთი არ არის სახეზე. მილიონი დოლარი დახარჯეს და ასეთი დიაგნოზი მაინც ვერ დადეს. ჰყავდათ თავიანთი აქტივისტი სახალხო დამცველის სახით, თავიანთი აქტივისტი ცენტრ „ემპათიის“ სახით, დამატებით მილიონი დოლარი დახარჯეს ექიმებსა და ლობისტებში, პიარკამპანიაში და მაინც ვერაფერი მოახერხეს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, სინამდვილეში, გამაოგნებელი რამ ხდება, რადგან მიხეილ სააკაშვილისთვის საკუთარი ოჯახის წევრებს ნაკლებკალორიული საკვები მიაქვთ და პატიმარი ამის ხარჯზე შეგნებულად იკლებს წონაში.

„ეს არის ერთადერთი, რაც ხდება და შეგნებულად წონის დაკლება სასამართლოსთვის ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება პატიმრის გათავისუფლების საფუძველი. მათი კამპანია ამაზეა აგებული, რომ პატიმარმა წონაში დაიკლო და ის უნდა გათავისუფლდეს. ეს არის ინტერესი. ანუ შეგნებულად ხდება დაბალი კალორაჟის მქონე საკვების მიწოდება, რომ პატიმარმა წონაში დაიკლოს და ამის საფუძველზე მოხდეს მისი გათავისუფლება, მაგრამ წარმოდგინეთ, ასეთი პრეცედენტი რომ სახელმწიფომ დაუშვას, 9 000 პატიმარია, 9 000-ვე იშიმშილებს ხვალ და 9 000-ვე გამოვა გარეთ. ეს ხომ წარმოუდგენელი რამ არის? საერთოდ, რაზე ვსაუბრობთ?“ – განაცხადა კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყოფილ პრეზიდენტზე აქცენტის გაკეთება არასწორია.

„ყოფილი პრეზიდენტი საერთოდ არ გვაინტერესებს. ეს არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უამრავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი. ამ შემთხვევაში პრეზიდენტობა მისთვის პლუსი კი არ არის, ძალიან დიდი მინუსია. ამიტომ ჰუმანიტარული საფუძვლით ექსპრეზიდენტის გათავისუფლებაზე საუბარი ვერ იქნება. თუ საუბარია ჰუმანიზმზე, 9 000 პატიმარია და იმათ რა დააშავეს? არიან პატიმრები, რომლებიც გაუფრთხილებლობით მკვლელობაზე არიან პატიმრობაში. მაგალითად, ავარია დაემართათ და ა.შ. ანუ, ისინი არ არიან თავისი ბუნებით კრიმინალები, მაგრამ უწევთ და სათანადოდ, ღირსეულად იხდიან სასჯელს. მეორე მხარეს კი არის ადამიანი, რომელსაც უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი, მათ შორის ქვეყნის და ხალხის წინაშე და ახლა ძალით დაიკლოს წონაში და გარეთ გამოუშვან, მაშინ მართლა რა დააშავეს სხვა პატიმრებმა? ასევე, ჩვენს სისტემაში არიან პატიმრები, რომლებიც აპარატზე არიან მიერთებული, რეანიმაციაში არიან და მათ შემთხვევაში არ დგება გათავისუფლების საკითხი. იგივე ხდება სხვა ქვეყნებშიც, რეანიმაციაში არიან პატიმრები და აპარატზე არიან მიერთებული, მაგრამ დღის წესრიგში არ დგას მათი გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საკითხი და ეს შემთხვევა რა გახდა?“ – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ თვითდაზიანებაზე ვერცერთი სახელმწიფო ვერ და არ იღებს პასუხისმგებლობას.

„ციხეებში თვითდაზიანების შემთხვევა უამრავია, საქართველოშიც და მის გარეთაც, მაგრამ მსოფლიოში არ არსებობს არცერთი სახელმწიფო, რომელიც პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლობას იღებს. ეს ხომ გამორიცხულია? როგორც კი ამ პრეცედენტს დავუშვებთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 9 000 პატიმარია ჩვენთან, მსოფლიოში კიდევ 100 000-ობით. ცდუნება დიდია, თავი დაიზიანო და გარეთ გამოხვიდე, მაგრამ როგორ შეიძლება, ეს პრეცედენტი დაუშვა, რომ პატიმარი თვითდაზიანებას ეწევა და ამის გამო გარეთ გამოდის? ეს მთლიანად ჩამოშლის ყველაფერს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.