ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ყოფილ პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერსა და პრეზიდენტს სახელმწიფო დაცვა არ სჭირდებათ
ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ყოფილ პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერსა და პრეზიდენტს სახელმწიფო დაცვა არ სჭირდებათ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირების, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერისა და პრეზიდენტის შენახვა გადასახადების გადამხდელის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. ეს განცხადება მან ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მისი აზრით, პარლამენტის თავმჯდომარეს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სახელმწიფო დაცვა არ უნდა სჭირდებოდეს. კობახიძის თქმით, ეს არის მინი ინიციატივა, რაც აუცილებლად აისახება პარლამენტის ახალ რეგლამენტში.

„ჩვენ გვქონდა მსჯელობა რეგლამენტთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, უქმდება ძველი რეგლამენტი და ვიღებთ პარლამენტის ახალ რეგლამენტს, სადაც ერთ-ერთი საკითხი არის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის უსაფრთხოების საკითხი. იქ გამოვედი ინიციატივით, რომ ყოფილ პარლამენტის თავმჯდომარეს დაცვა არ უნდა სჭირდებოდეს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ოთხწლიანი ვადაა განსაზღვრული. არაფერში არ არის საჭირო, არავისთვის არ არის საჭირო, რომ ყოფილ პარლამენტის თავმჯდომარეს შემდეგი ოთხი წლის განმავლობაშიც ემსახურებოდეს დაცვა. ეს არის თანხების ფუჭი ყრა, ნამდვილად არ გვაქვს წყალში გადასაყრელი თანხები. მით უმეტეს, ამ შემთხვევაში, საუბარია გადასახადის გადამხდელის თანხებზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, რეგლამენტის პროექტზე საუბრისას, დისკუსია გაგრძელდა პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან დაკავშირებით.

როგორც კობახიძე ამბობს, საპარლამენტო სისტემებისთვის დამახასიათებელია პრემიერ-მინისტრების ხშირი ცვლა, ამიტომ არ არის მიზანშეწონილი, თანამდებობის პირების მუდმივად ან რამდენიმე წლით შენახვა მოხდეს გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე.

„თქვენ თუ შეგიძლიათ ობიექტურად თქვათ, რომ არსებობს პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე მთელი ცხოვრების განმავლობაში ზრუნვის საჭიროება, მაშინ შეიძლება დაგეთანხმოთ. ცხადია, პრეზიდენტს მთელი ცხოვრება არ სჭირდება უსაფრთხოებაზე ზრუნვა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საბოლოოდ, შეთანხმდნენ იმაზე, რომ ყოფილ პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერსა და პრეზიდენტს სახელმწიფო დაცვა არ სჭირდებათ.

მისივე თქმით, ნორმას უკუძალა აუცილებლად უნდა ჰქონდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ რეგლამენტში შესული ცვლილებები გავრცელდება არამხოლოდ მაგალითად, გიორგი მარგველაშვილზე, რომლის საპრეზიდენტო ვადა მალე ამოიწურება, არამედ სხვა უკვე ყოფილ პრემიერებზე და პრეზიდენტზე.

„თქვენ გაიხსენეთ, რამდენი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჰყავს ქვეყანას. არამარტო ჩვენ პერიოდში. მანამდე რამდენი ჰყავდა და თქვენ წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება, რომ ამდენი ფული იყრებოდეს ელემენტარულად იმის გამო, რომ არასწორი ნორმა გვიწერია კანონში. რამდენი ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე გვყავს. პრეზიდენტი ყოფილი ბევრი არ გვყავს, თუმცა იქაც ფულის ფუჭი ყრაა ეს ყველაფერი. რეალურად, კონკრეტული ადამიანების არასწორი პრივილეგიების გამო, არ უნდა ზარალდებოდეს საზოგადოება და ეს არის ამ ცვლილების მიზანი. უკუძალა აუცილებლად უნდა ჰქონდეს ამ ნორმას. ეს არის ჩემი პოზიცია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.