ირაკლი კობახიძე - მე არასოდეს მივმართავ გინებას, როგორც გამოხატვის ფორმას და ყველას მოვუწოდებ, ასე არ გამოხატონ საკუთარი აზრი
მე არასოდეს მივმართავ გინებას, როგორც გამოხატვის ფორმას და ყველას მოვუწოდებ, ასე არ გამოხატონ საკუთარი აზრი, – განაცხადა პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
კობახიძემ უპასუხა მედიის კითხვას თბილისის საკრებულოს წევრის „ქართული ოცნებიდან“, ერეკლე კუხიანიძის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაზე, რომელმაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა. ირაკლი კობახიძის თქმით, არ უნახავს ეს ფეისბუქპოსტი.
„სანამ კომენტარს არ ვნახავ, ვერ გავაკეთებ კომენტარს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
კობახიძის თქმით, რაც შეეხება გინებას, ეს არის სამწუხარო ტენდენცია, რომელსაც ამკვიდრებს საქართველოში ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალა, მისი კონკრეტული პარტიული ტელევიზიის მეშვეობით, რაც მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია.
„ზოგადად, რაც შეეხება გინებას, ყველას მოვუწოდებ, რომ ამისგან თავი შეიკავოს. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ევროპაზე და ევროპის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი არის ევროპული კულტურა. თქვენ ხედავთ, რომ არაევროპული კულტურის დამკვიდრების მცდელობა არის საქართველოში. ამის გამოხატულებაა დედის გინება, რომელიც ჩვენ გვესმის ძალიან ხშირად კონკრეტული პარტიის წარმომადგენლების მხრიდან. მე არასოდეს მივმართავ ასეთი გამოხატვის ფორმებს და ყველას მოვუწოდებ, თუ ვინმე ასეთი ფორმით გამოხატავს საკუთარ აზრს, ასე არ გამოხატოს საკუთარი აზრი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.