ირაკლი კობახიძე - მდიდარმა არასამთავრობოებმა სახალხო დამცველის კანდიდატურებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არიან ერთგვარი კლანი და კლანის პრინციპებით მოქმედებენ
ირაკლი კობახიძე - მდიდარმა არასამთავრობოებმა სახალხო დამცველის კანდიდატურებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არიან ერთგვარი კლანი და კლანის პრინციპებით მოქმედებენ

მდიდარმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი არიან ერთგვარი კლანი და კლანის პრინციპებით მოქმედებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახძის თქმით, მმართველმა გუნდმა საზოგადოებას გახნილი პროცესი შესთავაზა, არასამთავრობო ორგანიზაციების რამდენიმე კლანმა კი, საკუთარი კანდიდატები დახურულ რეჟიმში დაასახელა.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, დასახელებულ კანდიდატს შეუძლიათ განაცხადი პარლამენტის საჯარო კონკურსში შეიტანონ, შემდეგ ფრაქციები და პოლიტიკური ჯგუფები გადაწყვეტენ, მათ კანდიდატურებს, დაასახელებენ თუ არა.

„მდიდარმა არასამთავრობოებმა ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი არიან ერთგვარი კლანი და კლანის პრინციპებით მოქმედებენ. საზოგადოებას უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურა შევთავაზეთ, ნებისმიერ ადამიანს მივეცით საკუთარი კანდიდატურის დასახელების საშუალება, პარლამენტში ერთგვარი კონკურსი გამოცხადდა და კანდიდატებს მხოლოდ ოპოზიცია ასახელებს. ეს არის გახსნილი პროცესი, რომელიც შევთავაზეთ საზოგადოებას. ამ დროს მთლიანად დახურულ რეჟიმში, რამდენიმე არასამთავრობოს კლანი თავის კანდიდატებს ასახელებს. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია და აჩვენებს მათ დამოკიდებულებას ზოგადად მოვლენების მიმართ. ეს არის ძალიან დახურული კლანი და სწორედ ამიტომ მოქმედებენ დახურული ფორმატებით, დახურული პროცედურებით. ჩვენ ვართ გახსნილი და ღია, ისინი არიან დახურული.

ამ სამი კანდიდატიდან ნებისმიერ მათგანს შეუძლია, განაცხადი შემოიტანოს იმ საჯარო კონკურსში, რომელიც პარლამენტის მიერ არის გამოცხადებული. ამის შემდეგ, მათ არასამთავრობო ორგანიზაციები შეაფასებენ და თუ ფრაქციები და პოლიტიკური ჯგუფები გადაწყვეტენ, მათ კანდიდატურებს დაასახელებენ. მათ ზუსტად ისეთივე სამართლიანი კონკურსი უნდა გაიარონ, რაც გამოცხადებულია ნებისმიერი პირისთვის. ვერავისთვის ვერ იქნება უპირატესობა მინიჭებული, ვერც ვერავის დავჩაგრავთ. კონკურსი გამოცხადებულია, კეთილი ინებონ, განაცხადები შემოიტანონ, შეფასებები იქნება და მათ ფრაქციები დაასახელებენ. ასეთ შემთხვევაში სამართლიანობა იქნება დაცული. რაც შეეხება, მდიდარი „ენჯეობის“ შემოთავაზებულ დახურულ პროცედურას, ამას ვერ გავიზიარებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სახალხო დამცველად ანა აბაშიძის, გიორგი ბურჯანაძისა და ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურები დაასახელეს.