ირაკლი კობახიძე - „მაუწყებლობის კანონზე“ ვეტოს ტექსტში აღნიშნულია, რომ სარეკლამო ბაზარი არის შეზღუდული, კლებადი, რეალუარად კი ბაზარი მზარდია 
ირაკლი კობახიძე - „მაუწყებლობის კანონზე“ ვეტოს ტექსტში აღნიშნულია, რომ სარეკლამო ბაზარი არის შეზღუდული, კლებადი, რეალუარად კი ბაზარი მზარდია 

საქართველოში სარეკლამო ბაზარი წლიდან წლამდე იზრდება და როცა გვეუბნებიან, რომ ბაზარი არის კლებადი, რეალურად არის მზარდი, – ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე “მაუწყებლობის შესახებ” კანონზე მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ვეტოს ტექსტში ასევე იყო ბევრი ფაქტობრივი უზუსტობა, მათ შორის სარეკლამო ბაზრის შემოსავლების ნაწილში.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პრეზიდენტის ვეტოს ტექსტში აღნიშნულია, რომ  არაერთი წყაროს მონაცემებით, საქართველოში სარეკლამო ბაზარი შეზღუდულია და ამავე დროს კლებადი, თუმცა წყარო დაკონკრეტებული არ არის.

მისი თქმით, სარეკლამო ბაზარი მზარდია ყველანაირი გაგებით, ყველანაირ ვალუტაში, კრიპტოვალუტის ჩათვლით.

„შეზღუდული რას ნიშნავს,  ეს ცალკე თემაა, მაგრამ კლებადს რაც შეეხება, ჩვენ მოვიძიეთ დამატებითი ინფორმაცია იმის თაობაზე, არის თუ არა კლებადი საქართველოში სარეკლამო ბაზარი და აღმოჩნდა, რომ კლებადი არ არის. ამ დონეზე გვაქვს პრობლემები არგუმენტაციაში. ჩვენ გვინდა არგუმენტების მოსმენა. რომ გვეუბნებიან,  სარეკლამო ბაზარი არის კლებადი, საბოლოო ჯამში ესეც არ არის გადაწყვეტილების შეცვლის მყარი საფუძველი. მაგრამ როცა გვეუბნებიან, არის კლებადი, ეს ინფორმაცია უნდა იყოს უზუსტესი.

ამ დროს ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომლის მიხედვით, წლიდან წლამდე, 2012 წელს სარეკლამო ბაზარი იყო 63 მილიონი ლარი, 2016 წელს – 88 მილიონი ლარი. იყო მუდმივი ზრდა წლიდან წლამდე. ერთადერთი ჩავარდნა იყო 2015 წელს, რომელიც იყო არასაარჩევნო წელი და ობიექტური მიზეზი ჰქონდა. ვეტოს ტექსტში გვეუბნებიან, რომ ბაზარი არის კლებადი, რეალურად არის მზარდი. ამ დონეზე გვაქვს ვეტოს ტექსტში არგუმენტაციაზე პრობლემები. რაც არის სერიოზული პრობლემა. ჩვენ გვინდა არგუმენტები, რომ პოზიცია შევიცვალოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ორი წლის განმავლობაში, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს აწერდა ხელს, ხელი უკანკალებდა, რადგან ჯერ 40 მილიონ ლარს იხდიდნენ, მერე 50 მილიონ ლარს 1,5%-იან რეიტინგში.

„ეს არის სერიოზული პრობლემა. ჩვენ უნდა მივიღოთ რადიკალური გადაწყვეტილება. ერთი რადიკალური გადაწყვეტილებაა, რომ თეორიულად უნდა  ვთქვათ, არ გვინდა საზოგადოებრივი მაუწყებელი და არ სჭირდება ქვეყანას საზოგადოებრივი მაუწყებელი იმიტომ, რომ 50 მილიონი ლარი 1,5%-ში არ უნდა  გადაიხადო. მე მესმის, რომ 40% ვერ გახდება ვერასდროს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი გასაგებ მიზეზთა გამო იმიტომ, რომ მას სხვა ფუნქცია აქვს და კერძო ტელევიზიას – სხვა. მესმის, რომ 50 მილიონი ლარი 1,5%-ში არ უნდა გადაიხადო, ჩემთვის ეს არის აქსიომა. ამიტომ საუბარი რითი დაიწყო, ან უნდა ხელი ავიღოთ და გავაუქმოთ საზოგადოებრივი მაუწყებელი ან ეს პროცენტნახევარი, რომელშიც ვიხდით 50 მილიონს, უნდა გავხადოთ 5-6-7%, რამდენიც გამოვა. ანუ საუბარია რეიტინგის ზრდაზე რაციონალურ ფარგლებში. არ უნდა გახდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რა თქმა უნდა, კერძო მაუწყებლობის კონკურენტი თვისობრივი ხარისხით, მაგრამ ის უნდა იყოს გარკვეული სახით მონაწილე ამ კონკურენციის რაციონალურ ფარგლებში და მას უნდა ჰქონდეს რაციონალური რეიტინგი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.