ირაკლი კობახიძე - მართლმსაჯულების პოლიტიზება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს, ეს ყველაფერი ჩავაბარეთ 2012 წლამდე წარსულს
ირაკლი კობახიძე - მართლმსაჯულების პოლიტიზება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს, ეს ყველაფერი ჩავაბარეთ 2012 წლამდე წარსულს

„ნაცმოძრაობას“ და მათ პატრონებს ვერ მივცემთ საშუალებას, ჩაერიონ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„მჯერა, რომ მართლმსაჯულების პოლიტიზება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს. ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სცადეს, უხეშად ჩარეულიყვნენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო მოსამართლე ჩხიკვაძის დაბარება, მისთვის ანგარიშის მოთხოვნა და მისთვის გარკვეული, ერთგვარი სანქციების დაწესება, ვიზიტზე უარის თქმა. ეს იყო მართლმსაჯულებაში უხეში ჩარევის პრეცედენტი. ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ. ვერავის მივცემთ საშუალებას, უხეშად ჩაერიონ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ, იმის საშუალებას, ბუნებრივია, სხვასაც ვერ მივცემთ. ჩვენ ეს ყველაფერი ჩავაბარეთ 2012 წლამდე წარსულს. მაშინ მართლმსაჯულება იყო პოლიტიზებული და ვისაც როგორ უნდოდა, ვგულისხმობ ხელისუფლებას და მათ პატრონებს, ისე ერეოდნენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიდგომა არის განსხვავებული.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ დღეს იმავე „ნაცმოძრაობას“ და იმავე მათ პატრონებს ვერ მივცემთ საშუალებას, ჩაერიონ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა და, აქედან გამომდინარე, მას განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით. არც ხელისუფლება და არც რომელიმე სხვა სუბიექტი არ უნდა ცდილობდეს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში ჩარევას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.