ირაკლი კობახიძე მართლმსაჯულების მეოთხე ტალღაზე - გვაქვს სრული შეთანხმება ყველა ნორმაზე, აღმოჩნდა, რომ ეს შესაძლებელი ყოფილა
ირაკლი კობახიძე მართლმსაჯულების მეოთხე ტალღაზე - გვაქვს სრული შეთანხმება ყველა ნორმაზე, აღმოჩნდა, რომ ეს შესაძლებელი ყოფილა

მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე საუბარი სამ საკითხს შეეხო – დისციპლინური წარმოება, იუსტიციის უმაღლესი სკოლა და იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამ თემებზე დისკუსიები დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა და პროცესი წარმატებით დასრულდა.

„მომზადდა კანონპროექტი სამივე საკითხთან დაკავშირებით. დისციპლინურ წარმოებასთან მიმართებაში დეტალურად გაიწერა ახალი რეგულაციები, რომლებიც უზრუნველყოფს პროცესის გაუმჯობესებას, აგრეთვე დისციპლინური გადაცდომის სახეები, მოწესრიგდა უშუალოდ დისციპლინური წარმოების პროცესი, გაიწერა წარმოების ყველა ეტაპზე გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება, რაც არ იყო უზრუნველყოფილი მანამდე კანონით. მკაფიოდ გაიწერა მტკიცების სტანდარტი, დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, ინსპექტორთა საბჭოს დაევალა საკითხის პროკურატურისთვის გაგზავნის ვალდებულება. ასევე, პროექტში სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. კერძოდ, დაკონკრეტდა ბრალის დეფინიცია, არასწორი განმარტების გამო სახდელის შეფარდების დაუშვებლობის პრინციპი, ფორმალური გადაცდომის ცნება, შეიცვალა ხანდაზმულობის ვადები. ევროსაბჭოს რეკომენდაციის თანახმად, ხუთი წლიდან სამ წლამდე შემცირდა ხანდაზმულობის ვადა, სათანადოდ მოწესრიგდა სახდელები და სახდელების დაკისრების წესი. მკაფიოდ გაიწერა დისციპლინური წარმოების დაწყების მიზეზი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, განმტკიცდა დამოუკიდებელი ინსპექტორის დამოუკიდებლობის გარანტიები – დაზუსტდა ინსპექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები, გაიწერა კანონში, რომ გადაწყვეტილება გადაყენების თაობაზე საბჭოს წევრთა 2/3-ის უმრავლესობით მიიღება.

„ახალი რეგულაციის თანახმად, ეს ექვემდებარება სასამართლოში გასაჩივრებას და დადგინდა ახალი, დაჩქარებული ვადები ამ საკითხის განხილვისთვის. კანონით შეიზღუდა ინსპექტორის მიმდინარე ხარჯების შემცირება წლიდან წლამდე. განისაზღვრა ინსპექტორის შრომის ანაზღაურება კანონის დონეზე და ის გაუთანაბრდა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის შრომის ანაზღაურებას. დადგინდა, რომ ინსპექტორს ექნება დამოუკიდებელი დოკუმენტბრუნვა. შესაბამისად, გაიმიჯნა ამ კუთხითაც საბჭოს და დამოუკიდებელი ინსპექტორის ფუნქციები. გაიწერა მკაფიოდ ინსპექტორის ანგარიშვალდებულებისა და ინფორმაციის პრაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულება. ინსპექტორს მიენიჭა უშუალო წვდომა საინფორმაციო ბაზებზე“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე ინფორმაციით, პროექტში შევიდა ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს სამოსამართლო ეთიკასთან დაკავშირებით რეგულაციების დაკონკრეტებას, დადგინდა მოსამართლეთა კონფერენციის უფლებამოსილება, განსაზღვროს სამოსამართლო ეთიკის წესები, ეთიკის საბჭოს დებულება და აირჩიოს ეთიკის საბჭოს წევრები.

„როგორც ხედავთ, მასშტაბი ამ ცვლილებების არის ძალიან დიდი. მინდა აღვნიშნო, რომ ყველა რეგულაციასთან დაკავშირებით შედგა სრული კონსენსუსი სამუშაო ჯგუფში. იყო საწყის ეტაპზე განსხვავებული პოზიციები დისციპლინური წარმოების საკითხებთან დაკავშირებით და მოვახერხეთ ამ პროცესის დასრულება სრული შეთანხმებით ყველა ნორმაზე. ეს არის ის, რისიც არ სჯეროდა არავის პროცესის დასაწყისში, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს შესაძლებელი ყოფილა“, – აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა სამუშაო ჯგუფის თითოეულ წევრს საკითხისადმი კონსტრუქციული მიდგომისთვის და საინტერესო დისკუსიებისთვის.

„გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ყოფილიყო უზრუნველყოფილი მოსამართლედ სკოლის მსმენელების დანიშვნა და შესაბამისი რეგულაციები შევიდა კანონპროექტში. კერძოდ, მსმენელების მიღება დაეფუძნება საბჭოს მიერ განსაზღვრულ პროგნოზს შესაბამისი წლისთვის, ასევე, განისაზღვრა სტიპენდიის რაოდენობა, გახანგრძლივდა სკოლაში სწავლის ვადები, ახალი წესით გაიწერა სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შემადგენლობა, სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის არჩევის წესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, მათ შორის, უმრავლესობის ფორმატში, რომ სკოლამ მიიღოს მსმენელები იუსტიციის უმაღლეს სკოლაში. შესაბამისად, ეს რეკომენდაცია იქნა გაზიარებული.

„აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაშიც, სკოლის შემთხვევაშიც, არის სრული კონსენსუსი სამუშაო ჯგუფში“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, კობახიძის თქმით, აქაც არის მნიშვნელოვანი ცვლილებები, მათ შორის, დაწესდა მოსამართლის დანიშვნის გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება, რაც მანამდე არ იყო გაწერილი კანონში.

„დადგინდა სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნამდე შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეებთან კონსულტაციის გავლისა და მოსამართლეების დანიშვნისას გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება. მოწესრიგდა მკაფიოდ საბჭოს სხდომების საჯაროობის საკითხი. გვაქვს ახალი, მნიშვნელოვანი რეგულაციები ამ მიმართულებით. ასევე, მკაფიოდ მოწესრიგდა საბჭოს გადაწყვეტილებებისა და გადაწყვეტილების პროექტების გამოქვეყნების წესი, მათ შორის, ვადები. დადგინდა, ასევე, გარკვეული რეგულაციები საბჭოს შემადგენლობასთან დაკავშირებით, სამივე ინსტანციიდან აირჩევა საბჭოს თითო წევრი მაინც. ეს არის ახალი რეგულაცია – ინსტანციურობის პრინციპი არის დაცული. ასევე, ინტერესთა კონფლიქტის წესები გავრცელდება უფრო ფართო წრეზე, არა მარტო საბჭოს წევრების მიმართ, არამედ, ასევე, მაგალითად, მათი ოჯახის წევრების მიმართ, ეს არის ახალი რეგულაცია. ასევე, გაიმიჯნა საბჭოს ინდივიდუალური და ნორმატიული აქტები. ეს არის ის ძირითადი ფუნდამენტური ცვლილებები, რომელიც განხორციელდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნაწილში. ამ შემთხვევაშიც, ყველა საკვანძო საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს შეთანხმება, გვაქვს კონსენსუსი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია, თვითონ კანონპროექტის ხარისხი, მეორე მხრივ, არის ასევე, მნიშვნელოვანი კონსენსუსი სამუშაო ჯგუფში და მოხარული ვართ, რომ სწორედ ასეთი შედეგით დასრულდა მუშაობა მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ის, რაც ჩანდა შეუძლებელი პროცესის დასაწყისში, დაახლოებით, ერთი წლის წინ, აღმოჩნდა, რომ ყოფილა შესაძლებელი და კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო სამუშაო ჯგუფის თითოეულ წევრს მათი ჩართულობისთვის და კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის საქმისადმი. რომ არა ასეთი დამოკიდებულება, ეს შედეგი ვერ დადგებოდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.