ირაკლი კობახიძე - მანიფესტაციებთან დაკავშირებული კანონპროექტი მიზნად ისახავს რევოლუციური პროცესების ჩაშლას, ვეტოს დადებით ზურაბიშვილმა პირდაპირ დაუჭირა მხარი რევოლუციურ პროცესებს
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების ერთადერთი მიზანია რევოლუციური პროცესების ჩაშლა და სალომე ზურაბიშვილმა, ვეტოს დადებით მხარი დაუჭირა ქვეყანაში რევოლუციურ პროცესებს.
კობახიძის თქმით, „ქართული ოცნება“ იმოქმედებს იმ დღის წესრიგით, რაც სჭირდება სიმშვიდის შენარჩუნებას.
„კანონპროექტი, რომელიც ეხება მანიფესტაციებს, მიზნად ისახავს ერთადერთ რამეს, რომ ჩაიშალოს ის რევოლუციური პროცესები, რომლებზეც იყო საუბარი, მათ შორის „კანვასის“ ტრენინგებზე. სუს-მა გამოაქვეყნა შესაბამისი ინფორმაცია, რომ კარვების გამოყენება იგეგმება პროვოკაციების მოსაწყობად. სალომე ზურაბიშვილმა ვეტოთი პირდაპირ დაუჭირა მხარი კიდევ ერთხელ რევოლუციურ პროცესებს ამ ქვეყანაში. ეს არის ალიანსი „ნაცმოძრაობასთან“. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიმოქმედებთ სალომე ზურაბიშვილის დღის წესრიგით. ჩვენ ვიმოქმედებთ იმ დღის წესრიგით, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანაში სიმშვიდის და მშვიდობის შენარჩუნებას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა „შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს გუშინ ვეტო დაადო. სალომე ზურაბიშვილი ცვლილებებს ანტიევროპულად მიიჩნევს.