ირაკლი კობახიძე - მანევრირებისთვის უფრო ფართო სივრცე გვაქვს, ამას მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ორ და სამზე მეტი ოპოზიციური პარტიის წარმოდგენა პარლამენტში
ირაკლი კობახიძე - მანევრირებისთვის უფრო ფართო სივრცე გვაქვს, ამას მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ორ და სამზე მეტი ოპოზიციური პარტიის წარმოდგენა პარლამენტში

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არ ფლობს ინფორმაციას „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის მეოთხე ნომრის, ავთანდილ ენუქიძის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ შევიდეს პარლამენტში.

„ამ საკითხზე ინფორმაცია არ მაქვს. მოლოდინი გვაქვს იმის, რომ არა ერთი და ორი, არამედ მეტი პოლიტიკური პარტია შეუერთდება პარლამენტს“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას.

ამასთან, შეკითხვაზე, პარლამენტში შესვლის საკითხზე არის თუ არა პარტიებთან კომუნიკაცია, კობახიძემ აღნიშნა, რომ მანევრირებისთვის „ქართულ ოცნებას“ უფრო ფართო სივრცე აქვს.

„შეიძლება, გვაქვს, შეიძლება – არც გვაქვს. ყველა შემთხვევაში დარწმუნებული ვართ იმაში, რომ არა ორი და სამი, არამედ პარტია იქნება პარლამენტში წარმოდგენილი. ამის მტკიცების საშუალებას გვაძლევს ის ძალიან დიდი სივრცე მანევრირებისთვის, რაც აქვს „ქართულ ოცნებას“. რადიკალურ ოპოზიციას მანევრირებისთვის არავითარი სივრცე არ აქვს. მათ საკუთარი თავი ისეთ მდგომარეობაში ჩაიყენეს, რომ არჩევანი რჩებათ ცუდსა და უარესს შორის. მათთვის ცუდია შემოსვლა, რადგან მაღლა აწიეს თამასა და მათთვის უარესია – არშემოსვლა.

აქედან გამომდინარე, მათ ძალიან მცირე სივრცე აქვთ მანევრირებისთვის, „ქართულ ოცნებას“ კი, ფართო სივრცე აქვს და ამას მაქსიმალურად პრაგმატულად გამოვიყენებთ ისე, რომ საბოლოო ჯამში უზრუნველყოფილი იქნება ორზე და სამზე მეტი ოპოზიციური პარტიის წარმოდგენა პარლამენტში. მანევრირებაში რას ვგულისხმობ, არ დავაკონკრეტებ, მაგრამ სივრცე გვაქვს უზარმაზარი“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.