ირაკლი კობახიძე - მამუკა ბახტაძის პრეროგატივაა და ის დაასახელებს მთავრობის 14-კაციან შემადგენლობას
ირაკლი კობახიძე - მამუკა ბახტაძის პრეროგატივაა და ის დაასახელებს მთავრობის 14-კაციან შემადგენლობას

სამთავრობო გუნდის დასახელება მამუკა ბახტაძის პრეროგატივაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისში, უმრავლესობის გაფართოებული სხდომის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, სამთავრობო გუნდზე მსჯელობა დღეს არ ყოფილა.

„ჯერ ხდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება და ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პერსონალურად, ინდივიდუალურად ასახელებს სამთავრობო გუნდს.  შესაბამისად, დღეს არ გვქონდა იმის პრეროგატივა, რომ გვემსჯელა სამთავრობო გუნდზე. ჩემი მხრიდან არასწორი იქნება დღეს საუბარი კონკრეტულ მინისტრებზე. ეს არის მამუკა ბახტაძის პრეროგატივა. ის დაასახელებს 14-კაციან შემადგენლობას და ამის შემდეგ იქნება სწორი ჩვენი მხრიდან მსჯელობა კონკრეტულ კანდიდატებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე წარადგინა.