ირაკლი კობახიძე - მამუკა ბახტაძე თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რა შემადგენლობით წარსდგება მთავრობა პარლამენტის წინაშე დაახლოებით სამ კვირაში
ირაკლი კობახიძე - მამუკა ბახტაძე თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რა შემადგენლობით წარსდგება მთავრობა პარლამენტის წინაშე დაახლოებით სამ კვირაში

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძე თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რა შემადგენლობით წარსდგება მთავრობა პარლამენტის წინაშე დაახლოებით სამ კვირაში.

კობახიძის თქმით, გაიმართება კოსულტაციები პარლამენტსა და მთავრობას შორის.

„სამართლებრივი მიზეზების გამო, პროცედურის ორ საფეხურად გავლა გვიწევს. დაახლოებით სამ კვირაში მამუკა ბახტაძე მთავრობის განახლებულ შემადგენლობას წარმოადგენს. შესაბამისად, თავად მიიღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რა შემადგენლობით წარსდგენა მთავრობა საქართველოს პარლამენტში.

მანამდე, ინტენსიური კონსულტაციები იქნება პარლამენტსა და მთავრობას შორის, ასევე პოლიტსაბჭოს ფორმატში. ბუნებრივია, გადაწყვეტილება ამ კონსულტაციების საფუძველზე მოხდება. საუბარია რამდენიმე სამინისტროს შერწყმაზე, ეს მამუკა ბახტაძის პოზიციაა და კონსულტაციები იქნება. ერთია, სამინისტროების შერწყმა, მეორე, როგორ უნდა დალაგდეს სწორად ფუნქციები მთავრობის შიგნით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, მენეჯმენტში მთავარია, იყოს ჩამოყალიბებული რაციონალირი სტრუქტურა და მის ჩამოყალიბებას ემსახურება ის ცვლილებები, რომლებიც იქნება წარმოდგენილი.

“ვვარაუდობ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები მიღებული იქნება მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ დაახლოებით სამი კვირის თავზე ნდობა გამოვუცხადოთ ახალ მთავრობას”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ნდობა გამოუცხადა.

მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებას მხარი 99-მა დეპუტატმა დაუჭირა, ექვსი კი წინააღმდეგ წავიდა.

ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, დაახლოებით სამ კვირაში მომზადდება მცირე მთავრობის კონცეფცია. სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. აღნიშნული ცვლილებების შემდეგ, პარლამენტს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება ხელახლა მოუწევს. უკვე ცნობილია, რომ მთავრობის შემადგენლობაში ფინანსთა, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები შეიცვლებიან.