ირაკლი კობახიძე - მაიკ პომპეოს გზავნილები კიდევ ერთი დასტურია, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად რჩება
ირაკლი კობახიძე - მაიკ პომპეოს გზავნილები კიდევ ერთი დასტურია, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად რჩება

საქართველოსთვის ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აშშ-ში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტსა და აშშ-ის მხრიდან დაფიქსირებულ გზავნილებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა სახელმწიფო მდივნის მონაწილეობით მაღალ დონეზე გაიმართა, რაც არის ამერიკული მხარდაჭერის კიდევ ერთი ძალიან ნათელი და მკაფიო დემონსტრირება. გზავნილები, რომელიც მაიკ პომპეოსგან მოვისმინეთ, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ამერიკა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად რჩება, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და სუვერენიტეტს მხარს მყარად უჭერს“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს შემაჯამებელი განცხადება განთავსდა, სადაც აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა კვლავ მტკიცეა და ასე გაგრძელდება მომავალშიც.  „როგორც ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა გასული წლის ივლისში, თბილისში ვიზიტის დროს აღნიშნა, ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ. ამაყები ვართ თქვენთან სტრატეგიული თანამშრომლობით“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.