ირაკლი კობახიძე - მადლობა რომან გოცირიძეს აღიარებისთვის, რომ მათი დაპირებული 400-ლარიანი პენსია არის ტყუილი [ვიდეო]

მადლობა რომან გოცირიძეს აღიარებისთვის, რომ მათი დაპირებული 400-ლარიანი პენსია არის ტყუილი, – ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილსა და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძეს მიმართა კითხვით, როდისთვის იქნება მათ მიერ დაპირებული 400-ლარიანი პენსია.

დეპუტატ რომან გოცირიძის განცხადებით, 400-ლარიანი პენსია დაინიშნება საპარლამენტო არჩევნებისა და მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

„საუბარი იყო სოციალურ თემებზე, მათ შორის პენსიაზე და მინდა, ვკითხო კოლეგებს, მათ შორის ზურაბ ჭიაბერაშვილს, 400-ლარიანი პენსია არის თუ არა ტყუილი. რომელ წელს იქნება 400 ლარი. პირველ ტყუილში გამოვიჭირეთ რომან გოცირიძე ძალიან მარტივად. ბავშვივით მოტყუვდით, საყმაწვილო შამათი რასაც ჰქვია, ეგ გამოგივიდათ. წელი მითხარით, რომელ წელს იქნება 400 ლარი. ბატონო ზურაბ, თქვენც იქნებ გვიპასუხოთ, 400 ლარი პენსია არის თუ არა ტყუილი.

მადლობა რომან გოცირიძეს აღიარებისთვის, 400-ლარიანი პენსია არის ტყუილი, რაც ყველამ ვიცით, ოპოზიციამაც. დღეს ეს აღიარა რომან გოცირიძემ, რომ 400-ლარიანი პენსია არის ტყუილი ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ. ფეიქ-ნიუსებს ავრცელებთ ამ კამპანიისა და თვეების განმავლობაში გვესმის ტყუილზე აგებული კამპანია. რა იკადრეთ წარმოიდგინეთ, კანდიდატს დააბრალეთ, თითქოს მან მეგრელებზე თქვა, რომ არის მოღალატე ხალხი თავისი ბუნებით, კახელებზე თქვა, რომ შაჰ-აბასის სისხლი ურევიათ, ამიტომ ვერ იტანთ. ამაზე არის აგებული თქვენი კამპანია, ამაზე შორს თქვენ ვერ წახვედით და ვერც წახვალთ. 400-ლარიანი პენსიაც ამის გაგრძელებაა, ტყუილის გარეშე თქვენ არსებობა არ შეგიძლიათ. ესეც არის ძალადობის გამოვლინება, ეს ტყუილიც ამ მასშტაბით არის ძალადობა ადამიანის აზროვნებაზე, ესეც არის ძალადობრივი ბუნების გამოვლინება, ასეთი ტყუილებით შორს ვერ წახვალთ. არც რუსი შკლიაროვი, არც რუსული რბილი ძალა, ამაში ბუნებრივია, ვერ გიშველით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.