ირაკლი კობახიძე – მადლობა ჩვენს დედაეკლესიას, რომელიც, გლობალური გამოწვევების ფონზე, დგას ჩვენი ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე

15:26, 26.06.2026

ჩვენი ერი დღეს რომ არის ასეთი მტკიცე საკუთარი ეროვნული იდენტობის, ეროვნული ინტერესების დაცვაში, არის იმ ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის დამსახურება, რომელიც ჩვენს ქვეყანას აჩუქა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა პატრიარქ შიო მესამესა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს სახელმწიფოს მიმართ თანადგომისთვის.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს დედაეკლესიას, რომელიც დგას ჩვენი ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. არ შეიძლება, განსაკუთრებული მადლიერება არ გამოვხატოთ უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქის, ილია მეორის მიმართ. დღეს რომ ჩვენი ერი, ჩვენი ხალხი არის ასეთი მტკიცე საკუთარი ეროვნული იდენტობის, ეროვნული ინტერესების დაცვაში, არის იმ ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის დამსახურება, რომელიც ჩვენს ქვეყანას აჩუქა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. მინდა, კიდევ ერთხელ მადლიერება გამოვხატო მის მიმართ. მე მინდა, მადლიერება გამოვხატო უწმინდესის და უნეტარესის, შიო მესამის მიმართ, რომელიც აგრძელებს ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს. დღეს, ამ ურთულესი გლობალური და ეროვნული გამოწვევების ფონზე, როგორც არასდროს, ისე მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთად დგომა. მადლობა საპატრიარქოს თითოეულ წარმომადგენელს, უწმინდესა და უნეტარესს, შიო მესამეს უდიდესი თანადგომისთვის სახელმწიფოს მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი