ირაკლი კობახიძე - ლორა თორნტონი უკიდურესი ფორმით აყენებდა შეურაცხყოფას აშშ-ის პრეზიდენტს და ახლა ასეთ ადამიანს უსმენს ჰელსინკის კომისია, ეს თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს
თქვენ ძალიან კარგად იცით, როგორია ამ ორი ადამიანის, ლორა თორნტონისა და ჯო უილსონის რეპუტაცია. ამ ორ ადამიანს როდესაც უსმენს ჰელსინკის კომისია, ეს თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, დონალდ ტრამპის მაგინებელი კონკრეტული ადამიანი როდესაც დაბარებულია ჰელსინკის კომისიაში, ასეთი დისკუსია ხელს ვერ შეუწყობს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენას.
„გახსოვთ, მათ შორის, ლორა თორნტონის განცხადებები პრეზიდენტ ტრამპთან დაკავშირებით. უკიდურესი ფორმით აყენებდა შეურაცხყოფას აშშ-ის პრეზიდენტს და ასეთ ადამიანს უსმენს ახლა ჰელსინკის კომისია. ეს თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. ხედავთ, რომ დონალდ ტრამპის მაგინებელი კონკრეტული ადამიანი დაბარებულია ჰელსინკის კომისიაში. რა თქმა უნდა, ასეთი დისკუსია ხელს ვერ შეუწყობს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენას. მე მგონია, რომ მიზანია სწორედ ხელის შეშლა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, 28 იანვრისთვის ჰელსინკის კომისიაში დაგეგმილია ბრიფინგი, რომელშიც განცხადებებს გააკეთებენ McLarty Associates-ის მმართველი დირექტორი კლერ კაიზერი, „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი ლორა თორნტონი და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარი ოლესია ვართანიანი.
ამასთან, რაც შეეხება „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, საქართველოში NDI-ს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის განცხადებას, 2025 წლის 22 იანვარს სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სექსუალური მოძალადე და დამნაშავე უწოდა.