ირაკლი კობახიძე - ლომჯარიას თავს არავინ ესხმის, როდესაც სახალხო დამცველი იჭრება პოლიტიკაში, უსაფუძვლოდ იწყებს ხელისუფლების კრიტიკას, ჩვენი პასუხი თავდასხმად ვერ შეფასდება
ირაკლი კობახიძე - ლომჯარიას თავს არავინ ესხმის, როდესაც სახალხო დამცველი იჭრება პოლიტიკაში, უსაფუძვლოდ იწყებს ხელისუფლების კრიტიკას, ჩვენი პასუხი თავდასხმად ვერ შეფასდება

ყველამ ვიცით, რომ ლომჯარიას თავს არავინ ესხმის და არც პერსონალურ მონაცემთა სამსახური გაუქმებულა, უბრალოდ, ორ სამსახურად გაიყო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა: „გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც საუბარია, რომ საქართველოში არის მაღალი დონის კორუფცია. მაგალითად, სახალხო დამცველს არ აძლევენ თავისუფლად მუშაობის საშუალებას და არის თავდასხმები ლომჯარიაზე. ასევე ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზეც არის საუბარი. ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს აფასებენ, როგორც მაღალი დონის კორუფციას. თუ გაეცანით ამ ანგარიშს და როგორ შეაფასებთ მას“.

ირაკლი კობახიძის თქმით, ჯერ ანგარიშს არ გაცნობია, თუმცა მსგავსი რამ თუ წერია, მაშინ შეიძლება თქმა, რომ არასწორ ინფორმაციას აწვდიან პარტნიორებს.

„ჯერჯერობით ვერ გავეცანი. თუ ეს ასე წერია, რომ ლომჯარიას თავს ესხმიან ან პერსონალურ მონაცემთა სამსახური გაუქმდა, ეს უკვე ტყუილია. ყველამ ვიცით, რომ ლომჯარიას თავს არავინ ესხმის და არც სამსახური გაუქმებულა, უბრალოდ, ორ სამსახურად გაიყო. ასეთი რაღაცები თუ წერია, გამოდის, რომ ვიღაც არასწორ ინფორმაციას აწვდის ჩვენს პარტნიორებს. როდესაც სახალხო დამცველი პირდაპირ იჭრება პოლიტიკაში და იწყებს ხელისუფლების კრიტიკას, თანაც სრულიად უსაფუძვლოდ, უსამართლოდ, ჩვენ რომ ამაზე ჩვენი კრიტიკით ვპასუხობთ, ეს თავდასხმა ნამდვილად არ არის. ჩვენ ვიცით, რომ პოლიტიკაში თუ ვინმე იჭრება და ამის კანონიერი უფლება მას არ აქვს, კონსტიტუციური უფლებაც არ აქვს, ეს არის სწორედ სახალხო დამცველი. პირდაპირ გამოდის პოლიტიკური მოთხოვნებით, პოლიტიკური განცხადებებით და როცა არგუმენტირებული კრიტიკით ვპასუხობთ, ეს თავდასხმად ნამდვილად ვერ შეფასდება. ანუ რა გამოდის, ორმაგი სტანდარტია, რომ მას შეუძლია, კონსტიტუცია დაარღვიოს, შემოიჭრას პოლიტიკაში, უსაფუძვლოდ გააკრიტიკოს და შენ იმის უფლებაც არ გაქვს, რომ არგუმენტირებულად გასცე პასუხი. ბუნებრივია, ეს ასე ვერ იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება კორუფციას, როგორც კობახიძემ აღნიშნა, უამრავი კვლევით დასტურდება, რომ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით საქართველო რეგიონში მოწინავეა.

„არსებობს უამრავი კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით საქართველო არის მოწინავე რეგიონში. სხვათა შორის ეს აღნიშნულია ევროკომისიის დასკვნაშიც და ასე შემდეგ. ყველაფერი ადასტურებს, რომ საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, კიდევ მეტი უნდა გაკეთდეს და გაკეთდება“, – აღნიშნა კობახიძემ.