ირაკლი კობახიძე - ლიტერატურა აბსოლუტურად დაცლილი უნდა იყოს პოლიტიკისგან, როდესაც ვიღაც ცდილობს, რომ პოლიტიკა შეიტანოს ლიტერატურაში, მიუღებელია
ირაკლი კობახიძე - ლიტერატურა აბსოლუტურად დაცლილი უნდა იყოს პოლიტიკისგან, როდესაც ვიღაც ცდილობს, რომ პოლიტიკა შეიტანოს ლიტერატურაში, მიუღებელია

ლიტერატურა, პირველ რიგში, უნდა იყოს აბსოლუტურად დაცლილი პოლიტიკისგან. როდესაც ვიღაც ცდილობს, რომ პოლიტიკა შეიტანოს ლიტერატურაში, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. დარწმუნებული ვარ, რომ ქეთი დუმბაძე იქნება ძალიან ეფექტიანი ხელმძღვანელი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ქეთი დუმბაძე არის ძალიან ღირსეული ადამიანი.

„ქეთი დუმბაძის ოჯახზე ბევრი საუბარი არც არის საჭირო და მის კავშირზე ლიტერატურასთან. ჩვენთვის დასანანია, რომ მას უწევს პარლამენტის მანდატის დატოვება იმის გამო, რომ გადადის სხვა პოზიციაზე, მაგრამ ქეთი დუმბაძეს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ამ მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ძალიან ეფექტიანი ხელმძღვანელი იმ სამსახურში, სადაც დაიკავებს ხელმძღვანელის თანამდებობას. რაც შეეხება მის საწინააღმდეგო განცხადებებს, ეს აბსოლუტურად მიუღებელია. მანამდე მსგავსი განცხადება იყო იმავე ადამიანების მხრიდან, პირველად თავს დაესხნენ ელისო ბოლქვაძეს. 100 ნაკლებად ნიჭიერი ადამიანი თავს დაესხა ერთ ნიჭიერ ქალს, ასეთი ფაქტი იყო და იგივე განმეორდა ქეთი დუმბაძის შემთხვევაში. არ არის ეს მისაღები, არ არის ეს სწორი. ლიტერატურა, პირველ რიგში, უნდა იყოს აბსოლუტურად დაცლილი პოლიტიკისგან. როდესაც ვიღაც ცდილობს, რომ პოლიტიკა შეიტანოს ლიტერატურაში, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, დარწმუნებული ვარ, რომ ქეთი დუმბაძე იქნება ძალიან ეფექტიანი ხელმძღვანელი“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს მწერალთა სახლს ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს.