ირაკლი კობახიძე - ლიეტუვის საგარეო უწყება არის „დიფ სთეითის“ ქვედანაყოფი, არავითარი ფასი არ აქვს მათ განცხადებებს, ქართველ და ლიეტუველ ხალხს შორის მეგობრობას ლიეტუვის ხელისუფლება ვერ შეარყევს
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არსებობს, ეს არის „დიფ სთეითის“ ჩვეულებრივი ქვედანაყოფი, იმდენად აქვს დაკარგული ლიეტუვას სუვერენიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კესტუტის ბუდრისის განცხადებას შეეხებოდა.
კერძოდ, ლიეტუველმა მინისტრმა რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ „საქართველოსთვის ამ ვითარებიდან გამოსავლის საუკეთესო გზა სამართლიანი არჩევნების ორგანიზებაა“.
როგორც განცხადების საპასუხოდ კობახიძემ განაცხადა, ლიეტუვის საგარეო უწყება უცხოური აგენტურის მორიგი წარმომადგენლობაა.
„ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არსებობს, ეს არის „დიფ სთეითის“ ჩვეულებრივი ქვედანაყოფი, იმდენად აქვს დაკარგული ლიეტუვას თავისი სუვერენიტეტი, რომ არავითარი დამოუკიდებელი ფასი არ აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს არავითარ განცხადებას. ეს არის „დიფ სთეითის“ ჩვეულებრივი ქვედანაყოფი, უცხოური აგენტურის მორიგი წარმომადგენლობა. აქედან გამომდინარე, ფასი არ აქვს ამ ყველაფერს, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ლიეტუვის ხელისუფლება ვერ შეარყევს ტრადიციულ მეგობრობას ქართველ და ლიეტუველ ხალხს შორის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.