ირაკლი კობახიძე - კვლევები ყოველთვის ხდება ხოლმე სპეკულაციების საფუძველი, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა არის დღევანდელი მდგომარეობა, პულსზე გვიჭირავს ხელი
ირაკლი კობახიძე - კვლევები ყოველთვის ხდება ხოლმე სპეკულაციების საფუძველი, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა არის დღევანდელი მდგომარეობა, პულსზე გვიჭირავს ხელი

განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ როგორც მერის არჩევნებს, ასევე საკრებულოს არჩევნებს როგორც მაჟორიტარული კუთხით, ისე პროპორციული სისტემით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ IRI-ის კვლევაზე კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი კვლევები ყოველთვის ხდება ხოლმე სპეკულაციების საფუძველი.

„თქვენ გახსოვთ, რომ ყოველი არჩევნების წინ ქვეყნდება ხოლმე ასეთი კვლევები და ყოველთვის ეს კვლევები ხდება ხოლმე სპეკულაციებისა და ინსინუაციების საფუძველი. თუმცა, საბოლოო ჯამში მართლდება ხოლმე ჩვენი პროგნოზი. წინა შემთხვევაშიც ასე მოხდა, საპარლამენტო არჩევნების დროს. მანამდეც ასე ხდებოდა. რეალურად „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო ამასობაში ექვსი სხვადასხვა მსხვილი არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ასეთი კვლევები ხდებოდა სხვადასხვა ტიპის სპეკულაციების საგანი. ამ შემთხვევაში, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა არის დღევანდელი მდგომარეობა, ჩვენ გვაქვს ამაზე ინფორმაცია, პულსზე ხელი გვიჭირავს. აქედან გამომდინარე, აქაც ვართ თავდაჯერებულები. რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მოგება და ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოში ჰქონდეს უმრავლესობა „ქართული ოცნების“ გუნდს. იგივე თბილისის მაგალითზე რომ ვთქვათ, მართალია კახი კალაძე, ყველა არის დარწმუნებული ალბათ, რომ მოიგებს თბილისის მერობის არჩევნებს, თუმცა მას სჭირდება ძლიერი გუნდი და უმრავლესობა საკრებულოში. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ როგორც მერის არჩევნებს, ასევე საკრებულოს არჩევნებს როგორც მაჟორიტარული კუთხით, ისე პროპორციული სისტემით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.