ირაკლი კობახიძე - „კრედიტ სუისი“ ფინანსურად ანგრევს საკუთარ თავს, შესაბამისად, ლოგიკურია ექსპერტების მსჯელობა, რომ შეიძლება, არსებობდეს პოლიტიკური ინტერესი
ირაკლი კობახიძე - „კრედიტ სუისი“ ფინანსურად ანგრევს საკუთარ თავს, შესაბამისად, ლოგიკურია ექსპერტების მსჯელობა, რომ შეიძლება, არსებობდეს პოლიტიკური ინტერესი

ვაკვირდებით საქმის მიმდინარეობას. საინტერესო იყო ორი თვის წინ გამოქვეყნებული ბიძინა ივანიშვილის წერილი, სადაც არის მკაფიო მინიშნება, რომ თანხების გაჩერებას შეიძლება, ჰქონდეს კავშირი პოლიტიკურ პროცესებთან, საკმაოდ მკაფიო ფორმით გაკეთდა ეს მინიშნება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილსა და შვეიცარიულ ბანკ „კრედიტ სუისს“ შორის მიმდინარე სასამართლო დავასთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძის თქმით, თუ თანხების გაჩერების მიზეზი არის „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული სამშვიდობო პოლიტიკა, ეს ხელისუფლების განსაკუთრებული შეშფოთების საგანი შეიძლება, გახდეს.

ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ „კრედიტ სუისი“ ფინანსურად ანგრევს საკუთარ თავს და შესაბამისად, გამოდის, რომ ბანკის მენეჯმენტის მხრიდან არსებობს არა ფინანსური, არამედ სხვა ინტერესი. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ლოგიკურია ექსპერტების მსჯელობა, რომ ეს ინტერესი შეიძლება, იყოს პოლიტიკური.

„ლოგიკური დასკვნები არის საკმაოდ საინტერესო, აქვს თავისი საფუძველი, თუმცა ჩვენ ამ თემაში ღრმად შესვლა გაგვიჭირდება. ექსპერტების პრეროგატივაა, გარკვეულ სიღრმეებზე ლოგიკური მსჯელობა განავითარონ. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ჩვენ ვაკვირდებით ამ საქმის მიმდინარეობას. ჩვენთვის საინტერესო და საგულისხმო იყო ბიძინა ივანიშვილის წერილი, რომელიც ორი თვის წინ გამოქვეყნდა, სადაც მკაფიო მინიშნება იყო იმის თაობაზე, რომ თანხების გაჩერებას შეიძლება, ჰქონდეს კავშირი პოლიტიკურ პროცესებთან, საკმაოდ მკაფიო ფორმით გაკეთდა ეს მინიშნება. თუ თანხების გაჩერების მიზეზი არის ჩვენ მიერ განხორციელებული სამშვიდობო პოლიტიკა, ეს, რა თქმა უნდა, ხელისუფლების განსაკუთრებული შეშფოთების საგანი შეიძლება, გახდეს.

ფაქტია, რომ რაღაც სუფთად არ არის, როდესაც ბანკი საკუთარ თავს აზიანებს ასეთი უხეში ფორმით. იქ მხოლოდ ფინანსური ინტერესი ვერ იქნება, პირიქით, ფინანსურად ანგრევს საკუთარ თავს „კრედიტ სუისი“, წარმოიდგინეთ, ფინანსური ინტერესი არ ჩანს, რადგან ფინანსურად ანგრევს პირველ რიგში საკუთარ თავს, გამოდის, რომ არის რაღაც სხვა ინტერესი. როცა აქ ექსპერტები საუბრობენ, რომ ეს ინტერესი შეიძლება, იყოს პოლიტიკური, თავისთავად, ეს მსჯელობა არის ლოგიკური.

სასამართლო პროცესის ამდენ ხანს გაგრძელება ასევე მიანიშნებს, რომ ბანკის მენეჯმენტის ერთგვარი თვითმიზანია თვითდაზიანება, ბანკს აზიანებენ ბოლომდე. შეიძლება, უმრავლესობა თქვენგანს აქვს გარკვეული ანგარიში ბანკში და წარმოიდგინეთ, რომ გაგიქრეთ, მაგალითად, 5 ათასი ლარი. ამ შემთხვევაში ლოგიკურად ხდება, რომ დაისჯება ბანკის შესაბამისი თანამშრომელი, რომელმაც ეს გააკეთა და თქვენ მყისიერად დაგიბრუნებენ თანხას, ამას თუ არ გააკეთებენ, ბანკი ხომ ინგრევა, მისი რეპუტაცია და ნდობის ხარისხი ინგრევა.

წარმოიდგინეთ, საქმე ეხება შვეიცარიის ბანკს, შვეიცარიის ბანკის ანგარიშიდან გააქრეს თანხა და შემდეგ არათუ პირდაპირ არ დაუბრუნეს, ამდენ ხანს უწელავენ დაბრუნებას, რაც ნიშნავს, რომ არც ერთ კლიენტს აღარ რჩება ნდობა „კრედიტ სუისის“ მიმართ, სწორედ ამიტომ ინგრევა ეს ბანკი, უამრავი სტატია და მედიაგანხილვა მიეძღვნა ამ თემას. ანუ, არის ბანკის მენეჯმენტი, რომელსაც ფინანსური ინტერესი არ აქვს ამ საქმის მიმართ, პირიქით, ამ საქმის გაგრძელებით ფინანსურად ანგრევს ბანკს. თუ არ არის ფინანსური ინტერესი, გამოდის, რომ რაღაც სხვა ინტერესია და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს სხვა ინტერესი არ არის დაკავშირებული ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკასთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.