ირაკლი კობახიძე - კორუფციასთან ბრძოლის კუთხით ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ორი წლის წინ გაცემული პირობა პირნათლად შესრულდება, პირობის შესრულებაზე პასუხისმგებლობას მე ვიღებ
ირაკლი კობახიძე - კორუფციასთან ბრძოლის კუთხით ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ორი წლის წინ გაცემული პირობა პირნათლად შესრულდება, პირობის შესრულებაზე პასუხისმგებლობას მე ვიღებ

რა დაპირებაც გაიცა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ორი წლის წინ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ის პირობა იქნება პირნათლად შესრულებული და ამ პირობის შესრულებაზე მე ვიღებ პასუხისმგებლობას, როგორც მთავრობის ხელმძღვანელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობა განაგრძობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ მუშაობას.

„მთავარი მიზანია დანაშაულის გამოვლენა, კორუფციასთან ბრძოლა და სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. დანარჩენი ინტერპრეტაციებია. თუ აქ იყო ვინმეს ზურგი, დაინტერესდება საგამოძიებო უწყება. რაც შეეხება კორუფციას, კორუფცია არის ნებისმიერ სახელმწიფოში. ფინეთშიც კი, სადაც არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, იქაც კი არის კორუფცია. რა დაპირებაც გაიცა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ორი წლის წინ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ის პირობა იქნება პირნათლად შესრულებული და ამ პირობის შესრულებაზე მე ვიღებ პასუხისმგებლობას, როგორც მთავრობის ხელმძღვანელი. გარდა იმისა, რომ წარსულში ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოვლენის მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ, მთავარი პირობა, რასაც გაძლებთ, არის ის, რომ მთავრობა განაგრძობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ მუშაობას. მე შემიძლია, მივმართო ნებისმიერ ადამიანს, პოლიტიკოსს, არაპოლიტიკოსს, ნებისმიერს, ამოიღონ წელიწად-ნახევრის განმავლობაში გამოცემული ნებისმიერი აქტი, ყველაფერი არის გამჭვირვალე. თუ ნახავენ კორუფციის ერთ ნიშანს მაინც რომელიმე აქტში, მზად ვარ, ვუპასუხო ყველა კითხვას“, – განაცხადა პრემიერმა.