ირაკლი კობახიძე -კონსტიტუციური წყობილების დამხობას თუ აანონსებენ ან ძალადობით შეცვლას, კეთილი ინებონ და დაელოდონ შესაბამის პასუხს სახელმწიფოს მხრიდან
ხვალაც ნახავთ, რომ ასი ათასობით ჩვენი თანამოქალაქე გამოვა და მხარს დაუჭერს „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოების ნება აისახება არჩევნებში და არა იმ 50 კაცის მიტინგში, რომელიც გამოდის და რუსთაველის გამზირს კეტავს.
„საზოგადოების პროტესტს რაც შეეხება, ეს, როგორც დეფინიცია არის ტყუილი, ვინაიდან ეს არ არის საზოგადოების პროტესტი, ეს არის ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ჯგუფის პროტესტი. ხან 50, ხან 100, ხან მაქსიმუმ 150 კაცი იკრიბება, ერთი-ორჯერ 300-ს მიაღწია მათმა რაოდენობამ. ეს არ არის საზოგადოების პროტესტი. ხვალაც ნახავთ, რომ ასი ათასობით ჩვენი თანამოქალაქე გამოვა და მხარს დაუჭერს „ქართულ ოცნებას“. ეს არ არის საზოგადოების ნება, საზოგადოების ნება აისახება არჩევნებში და არა იმ 50 კაცის მიტინგში, რომელიც გამოდის და კეტავს რუსთაველის გამზირს. რაც შეეხება მშვიდობიან რევოლუციას, ეს არის ოქსიმორონი, ანუ ნონსენსი, თავისი არსით. არავითარი მშვიდობიანი რევოლუცია ბუნებაში არ არსებობს. რევოლუცია და ხელისუფლების ცვლილება შეიძლება მოხდეს მხოლოდ ძალადობის გზით. ამიტომ თუ აანონსებენ კონსტიტუციური წყობილების დამხობას, ან ძალადობით შეცვლას, კეთილი ინებონ და დაელოდონ შესაბამის პასუხს სახელმწიფოს მხრიდან,“- განაცხადა კობახიძემ.