ირაკლი კობახიძე - კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და მიშელის დოკუმენტის შესაბამისად, ივნისში პარლამენტში უნდა დავიწყოთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დამტკიცება
ირაკლი კობახიძე - კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და მიშელის დოკუმენტის შესაბამისად, ივნისში პარლამენტში უნდა დავიწყოთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დამტკიცება

კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და მიშელის დოკუმენტის შესაბამისად,  ივნისში უნდა დავიწყოთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დამტკიცების პროცედურა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საბჭოს წევრების ასარჩევად საჭიროა 90 დეპუტატის ხმა, უმრავლესობას კი ამდენი ხმა არ აქვს.

შესაბამისად, როგორც კობახიძემ აღნიშნა, მათი დამტკიცება შეთანხმების საფუძველზე მოხდება.

„ჩვენ ვმოქმედებთ კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად. თუ ჩვენ ამ სამ დოკუმენტს ჩავხედავთ , მათგან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ჩვენ ივნისში უნდა დავიწყოთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დამტკიცების პროცედურა. შეგახსენებთ, რომ ჩვენ მიერ 2017 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის თანახმად, ეს გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტში სამი მეხუთედის უმრავლესობით. ეს ნიშნავს 90 ხმას. 90 ხმა უმრავლესობას არ აქვს. ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ფართო ჩართულობის და შეთანხმების საფუძველზე დამტკიცდებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. აქედან გამომდინარე, ამ პროცესის გადადების არანაირი საფუძველი არ არსებობს. პირიქით, კანონმდებლობა, კონსტიტუცია და მიშელის დოკუმენტი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ეს პროცესი უნდა წარიმართოს ახლა პარლამენტში და ჩვენ უნდა დავამტკიცოთ იუსტიციის საბჭოს წევრები იმისთვის, რომ ამ ორგანოს ფუნქციონირებაში არ შეექმნას შეფერხება“, – განაცხადა კობახიძემ.