ირაკლი კობახიძე - კონკურენცია ორ გუნდს შორის პრობლემა არაა, პრობლემაა, ფეხების დამტვრევაზე თუ გადადიან, ამას თუ გულისხმობენ დეპოლარიზაციაში, ეს საჭიროა, ვითარების გამოსწორება სამართლიან მსაჯს შეუძლია
ირაკლი კობახიძე - კონკურენცია ორ გუნდს შორის პრობლემა არაა, პრობლემაა, ფეხების დამტვრევაზე თუ გადადიან, ამას თუ გულისხმობენ დეპოლარიზაციაში, ეს საჭიროა, ვითარების გამოსწორება სამართლიან მსაჯს შეუძლია

რაც შეეხება დეპოლარიზაციას, ჩემი აზრით, ტერმინიც კი პრობლემურია, თავისთავად პოლარიზაცია არის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი, ჭარბი არაფერი არ ვარგა, მაგრამ პოლარიზაცია არის დემოკრატიის აუცილებელი პირობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აქ პრობლემა არის არა ე.წ. პოლარიზაცია, არამედ რადიკალიზმი.

„დეპოლარიზაცია, როგორც ასეთი, იგივეა, რომ ორ საფეხბურთო გუნდს მოსთხოვო დეპოლარიზაცია, როცა ორივეს აქვს ერთი მიზანი, რომ გაიტანოს გოლი მეორე გუნდის კარში. აქ პრობლემა არის არა ე.წ. პოლარიზაცია, არამედ რადიკალიზმი. აქ არის ჩაკეტილი წრე, პირდაპირ არის კონკრეტული პოლიტიკური ძალა, რომელიც თვითონ არის მძევალი საკუთარი წარსული დანაშაულების. აქედან გამომდინარე, მას არ შეუძლია, რადიკალურად იმოქმედოს პოლიტიკურ სისტემაში. ამიტომ უწევს ათასი აბსურდის საუბარი, იქნება ეს „რუსული“, „პუტინისტური“ თუ ასე შემდეგ. ამიტომ ეს არის მათი დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი, რადგან საკუთარი დანაშაულის მძევლები არიან და არ შეუძლიათ, იმოქმედონ არარადიკალურად. ასეთ დროს, მერე მმართველ პარტიას უწევს პასუხი და არის ჩაკეტილი წრე. ერთადერთი, ვისაც შეუძლია აქ ვითარების გამოსწორება, ეს არის სამართლიანი მსაჯი, არბიტრი. როდესაც არის კონკურენცია ორ გუნდს შორის ფეხბურთში, აქ პრობლემა არ არის, მაგრამ თუ გადადიან ერთმანეთის ფეხების დამტვრევაზე, ეს არის პრობლემა. ამას თუ გულისხმობენ დეპოლარიზაციაში, რა თქმა უნდა, ეს საჭიროა. არ შეიძლება, ფეხებში ურტყა ერთმანეთს. მაგრამ ერთადერთი, ვისაც შეუძლია ამ ვითარების გამოსწორება, ეს არის სამართლიანი მსაჯი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, აქედან გამომდინარე, მმართველი გუნდი ხშირად ესაუბრება საერთაშორისო პარტნიორებს იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროა საქართველოში არსებული ვითარების სამართლიანი შეფასება.

„არა ისეთი შეფასებები, როგორებიც გვხდება, მაგალითად, ევროპარლამენტის რეზოლუციებში, არამედ საჭიროა სწორი შეფასებები. როდესაც მსაჯი არის უსამართლო, ის, პირიქით, ახალისებს პოლარიზაციას. მაგალითად, იმ სამმა რეზოლუციამ, რომელიც დაამტკიცა ევროპარლამენტმა, ბუნებრივია, საქართველოში პოლარიზაცია წაახალისა, უსამართლობის გამო. ამიტომ, გადამწყვეტი როლი ამ ყველაფერში შეიძლება, შეასრულოს არბიტმა, სამართლიანმა მსაჯმა. ამიტომ ვამბობთ, პრემიერმაც აღნიშნა, ამიტომ არის მნიშვნელოვანი კანდიდატის სტატუსის მონიჭებაც ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ეს იქნება სამართლიანი მსაჯის გადაწყვეტილება, რომელიც, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება ე.წ პოლარიზაციის ხარისხის შემცირებაზე. ამიტომ ჩვენ ყოველ შეხვედრაზე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ვთხოვთ, რომ იყვნენ სამართლიანი და ყურადღებიანი შეფასებებში, რომლებიც კეთდება საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ. ეს არის მთავარი გამოსავალი. სამართლიანი შეფასებები თუ არ იქნება, იქნება წახალისებული პოლარიზაცია, რაც ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ვართ ჩაკეტილ წრეში. საზოგადოება დაიღალა ამ ყველაფრით. ამიტომ სასურველია, ამ კუთხით ვითარება გაუმჯობესდეს. ჩვენს ხელში არ არის, სამწუხაროდ, ამ ვითარების გაუმჯობესება. არის რადიკალიზმი. ჩვენ გვიწევს პასუხი, შეფასებები არ არის სათანადო. ეს არის არსებული რეალობა“, – განაცხადა კობახიძემ.